ორშაბათის ვაჭრობისას ნედლი ნავთობის საორიენტაციო ფასები გასული კვირის კლების შემდეგ, იზრდება.

ICE Futures Europe-ის ბირჟაზე დილის მონაცემებით, ბრენტის მარკის ივნისის ფიუჩერსები 5.02 დოლარით (5.55%) გაიზარდა და ბარელზე 95.40 დოლარი შეადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის დახურვის შემდეგ, ბრენტის მარკის ივნისის ფიუჩერსები კი 9.01 დოლარით (9.07%) დაეცა და ბარელზე 90.38 დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე დილის მონაცემებით, WTI-ის მარკის ივნისის ფიუჩერსები 5.01 დოლარით (6.07%) გაიზარდა და ბარელზე 87.60 დოლარი შეადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შემდეგ, WTI-ის მარკის ივნისის ფიუჩერსების ფასი 8.58 დოლარით (9.41%) დაეცა და ბარელზე 82.59 დოლარი შეადგინა, ხოლო მაისის WTI-ის ფიუჩერსები 10.84 დოლარით (11.45%) დაეცა და ბარელზე 83.85 დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ კვირას Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 5.06%-ით, ხოლო WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 13.17%-ით დაეცა.