გამყვან ტურიზმთან შედარებით, გაცილებით რთულად არის საქმე შემომყვან ტურიზმში. მდგომარეობის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია იმასთან, როდის დასრულდება ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებები.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ტურისტული კომპანია „ვინგლეთის“ დამფუძნებელი ანა კირკიტაძე ამბობს, რომ გალფის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან ტურისტების ნაკადების შემოდინება ამ ეტაპზე გაჩერებულია.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, როგორც წესი, უფრო ერთვება ხოლმე მაშინ, როცა ტურისტების საქართველოში შემოყვანას ეხება საქმე. სამწუხაროდ, ამ ნაწილში ბევრად უფრო რთულად გვაქვს საქმე, ვიდრე გამყვან ტურიზმშია. ტურიზმის ადმინისტრაციასაც და ქვეყანასაც, ძირითადად, სწორება გვქონდა აზიურ და გალფის ბაზრებზე, საიდანაც ტურისტების უდიდესი ნაწილი შემოდიოდა საქართველოში. ეს ბაზრები პრაქტიკულად ამ წუთისთვის სრულად გაჩერებულია - გალფის ქვეყნები, ინდოეთი. ინდოეთიდან ძალიან დიდი რაოდენობით ჯგუფები ჩამოდიოდნენ ხოლმე, დღეს კი 300-400 კაციანი ჯგუფები გაგვიუქმდა იმის გამო, რომ ფიზიკურად ფრენები არ არის.
აქამდეც საჭირო და იყო და ახლა უფრო მეტად გვჭირდება სწრაფი რეაგირება. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე დასვენების ძალიან კარგი სეზონი გვაქვს და იმის ნაცვლად, რომ სასტუმროები სრულად დატვირთულები იყვნენ, ძალიან რთული სიტუაცია აქვთ. ამის გადაზღვევა სხვა ბაზრებით შესაძლებელია, უბრალოდ, სხვა ბაზრით გადაზღვევა არ ხდება ერთ კვირასა თუ ერთ თვეში. ახლა ეს ძალიან გაგვიჭირდება, შეიძლება, შემოდგომა ამოვქაჩოთ ცოტა უფრო მეტად, თორემ ახლო თვეები საკმაოდ გაგვიჭირდება, თუ შემოყვანის კუთხით მდგომარეობა არ შეიცვალა“, - აცხადებს ანა კირკიტაძე.