უკრაინა „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნავთობის მისაღებად პირველი განაცხადი უნგრულმა ნავთობკომპანია MOL-მა უკვე გააკეთა.

„MOL-მა უკვე გააკეთა განაცხადი პირველი ნაკადის მიღების შესახებ, რომელიც უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის თანაბრად განაწილდება“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენის სარემონტო სამუშაოები დაასრულა და ნავთობსადენის აღდგენა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტის განბლოკვასთან დააკავშირა.

ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის სესხის გამოყოფის საკითხს დღეს განიხილავენ.

წყარო: ipn.ge