ირანში ომის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში, საავიაციო საწვავის ფასების ზრდამ ავიაკომპანიებს ხარჯები გაუზარდა, რაც სავარაუდოდ, ბილეთების ფასების ზრდას გამოიწვევს, - ნათქვამია ადვოკატირების ორგანიზაცია Transport & Environment (T&E)-ის კვლევაში „ირანის კრიზისი: სიმართლის მომენტი ევროპული ავიაციისთვის“.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავთობის გლობალური მიწოდების შეფერხებამ და მასთან დაკავშირებულმა საავიაციო საწვავის ფასების ზრდამ, ავიაკომპანიების ხარჯები ევროპიდან შორ მანძილზე განხორციელებულ რეისებზე მგზავრზე 90 ევროთი (დაახლოებით 106 აშშ დოლარი) გაზარდა, ხოლო ევროპის შიგნით განხორციელებულ რეისებზე - 29 ევროთი.
ამჟამად, ევროკავშირი ნედლი ნავთობის დაახლოებით 95%-ს და შესაბამისად, ბლოკში საწვავის გადამუშავებისთვის გამოყენებული ნედლი ნავთობის თითქმის მთელ ნაწილის იმპორტს ახორციელებს. გარდა ამისა, ევროპული მოთხოვნის დაახლოებით მესამედი რაფინირებული საავიაციო საწვავის პირდაპირი იმპორტით კმაყოფილდება, რომლის მთავარი მიმწოდებელი ახლო აღმოსავლეთია.
მკვლევრების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის საავიაციო საწვავის მიწოდების დაახლოებით 30%, მათ შორის როგორც ევროკავშირში რაფინირებული ნედლი ნავთობი, ასევე იმპორტირებული საავიაციო საწვავი, ჰორმუზის სრუტის გავლით იმპორტზეა დამოკიდებული.