გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო პროგნოზის საშუალო სცენარით, საქართველოს მოსახლეობა 2054 წელს 3.630 მილიონამდე, ხოლო 2100 წლისთვის 2.978 მლნ ადამიანამდე შემცირდება. ეს მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობა მომდევნო 50-60 წლის განმავლობაში ზრდას გააგრძელებს და პიკს, ანუ, დაახლოებით, 10.3 მლრდ ადამიანს 2080-იანი წლების შუა პერიოდისთვის მიაღწევს. თუმცა ამ პიკის შემდეგ, საუკუნის ბოლოსთვის ის თანდათანობით შემცირდება და, დაახლოებით, 10.2 მლრდ ადამიანს შეადგენს.
ანგარიში გაეროს ვებგვერდზე ვრცელდება.
საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის პიკური მაჩვენებელი 1989 წელს დაფიქსირდა, რამაც 5.519 მლნ ადამიანი შეადგინა. 1995 წელს რაოდენობა 4.982 მილიონამდე, ხოლო 2024 წელს 3.808 მლნ ადამიანამდე შემცირდა.
გაეროს ცნობით, ამჟამად ყოველი მეოთხე ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობამ უკვე პიკს მიაღწია.
ამასთან, პლანეტაზე შობადობის მაჩვენებელი მცირდება: ქალები, 1990 წელთან შედარებით, საშუალოდ ერთი შვილით ნაკლებს აჩენენ, რაც იწვევს იმას, რომ გლობალური შობადობის მაჩვენებელი 2024 წლისთვის ერთ ქალზე 2.3 ცოცხლად შობილს შეადგენს.
COVID-19-ის პანდემიის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა კვლავ გაიზარდა და 2024 წელს 73.3 წელს მიაღწია, ხოლო 2054 წლისთვის, არსებული პროგნოზით, 77.4 წელს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ 2080 წლისთვის 65 წლის და უფროსი ასაკის პირთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბებს, ხოლო 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის 80 წლის და უფროსი ასაკის პირთა რაოდენობა ჩვილებს გადააჭარბებს.
მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მლრდ ადამიანს 2022 წლის 15 ნოემბერს მიაღწია, რაც კაცობრიობის განვითარების ეტაპს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ პლანეტის მოსახლეობის 7-დან 8 მილიარდამდე გაზრდას 12 წელი დასჭირდა, 9 მილიარდამდე მიღწევას, დაახლოებით 15 წელი დასჭირდება, რაც 2037 წელს დადგება. ეს იმის ნიშანია, რომ გლობალური მოსახლეობის საერთო ზრდის ტემპი შენელდება. ამის მიუხედავად, ზოგიერთ ქვეყანაში შობადობის დონე მაღალი რჩება. შობადობის ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები, როგორც წესი, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები არიან. ამდენად, დროთა განმავლობაში გლობალური მოსახლეობის ზრდა სულ უფრო მეტად კონცენტრირდება მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში, რომელთა უმეტესობა სუბსაჰარის აფრიკაში მდებარეობს.
2100 წელს მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 6%-ით, ანუ, დაახლოებით, 700 მლნ ადამიანით ნაკლები იქნება, ვიდრე ათი წლის წინ იყო პროგნოზირებული. პროგნოზირებული რაოდენობის შემცირება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის, შობადობის მოსალოდნელზე დაბალი დონით, რომელიც ბოლო წლებში მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ჩინეთში დაფიქსირდა, ხოლო მოსალოდნელზე ოდნავ სწრაფად სუბსაჰარის აფრიკის ზოგიერთ ნაწილში იკლო.
ჩინეთი და ინდოეთი სათითაოდ 1.4-მილიარდიანი მოსახლეობით მსოფლიოში ორ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნად რჩება.
ამასთან, იმიგრაცია იქნება მოსახლეობის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა 52 ქვეყანასა და რეგიონში 2054 წლამდე, ხოლო 62 ქვეყანაში 2100 წლამდე. მათ შორის არის ავსტრალია, კანადა და აშშ.
საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში 2054 წლისთვის მოსახლეობა 79%-ით გაიზრდება და 2.2 მილიარდს, ხოლო საუკუნის ბოლოსთვის შესაძლოა 3.3 მლრდ ადამიანს მიაღწიოს, რაც გლობალური ზრდის ერთ მეხუთედზე მეტს შეადგენს. ცხრა ქვეყანაში, მათ შორის, ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ნიგერიაში მოსახლეობა 2054 წლამდე, სავარაუდოდ, გაორმაგდება. შედეგად ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნების რეიტინგი შესაძლოა, შეიცვალოს: ნიგერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბოლოოდ აშშ-ს გადაუსწრებს, ხოლო ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა საუკუნის ბოლოსთვის შესაძლოა, მოსახლეობით ათ უდიდეს ქვეყანას შორის შევიდეს.
ამჟამად ყველა ევროპულ ქვეყანაში შობადობა საჭირო დონეზე დაბალია, მაშინ, როცა გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის სრული ჩანაცვლებისთვის ეს საჭირო დონე, დაახლოებით, 2.1 ბავშვია ერთ ქალზე. უმრავლეს შემთხვევაში შობადობა ჩანაცვლების ამ საჭირო დონეზე დაბალი უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაშია.
ჩინეთი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაა, 2024-დან 2054 წლამდე მოსახლეობის ყველაზე დიდ, 204-მილიონიან აბსოლუტურ შემცირებას დააფიქსირებს. შემდეგი იაპონია და რუსეთია, რომელთაგან პირველში მოსახლეობა 21 მილიონით, მეორეში კი 10 მლნ ადამიანით შემცირდება. საუკუნის ბოლოსთვის დიდი ტერიტორიისა და შობადობის დაბალი დონის გამო ჩინეთს, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, მოსახლეობა ყველაზე მეტად, 786 მლნ ადამიანით შეუმცირდება. კერძოდ, 2100 წლისთვის ჩინეთი ამჟამინდელი მოსახლეობის ნახევარზე მეტს დაკარგავს და 1950-იანი წლების ბოლოს დაფიქსირებულ 638.685-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.