ვიმედოვნებ, მაისის ბოლოსთვის გლობალური გამოწვევები დაძლეული იქნება, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ფრენების რაოდენობაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, – ამის შესახებ კომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელმა, თეიმურაზ ბუზალაძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მარიამ ქვრივიშვილისა და მოადგილის, თამარ იოსელიანის მიერ საავიაციო სექტორთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

როგორც „დისქავერის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს. მისივე თქმით, შედეგად, საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა იზრდება.

„რამდენიმე მიმართულებით პოზიტიური სიახლეები უკვე გვაქვს. გარკვეული ავიაკომპანიები, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კვირაში სამი რეისის ნაცვლად, მხოლოდ ერთს თუ ასრულებდნენ, ახლა უკვე ორ სიხშირეზე გადადიან. მაგალითად, ავიაკომპანია flyDubai ეტაპობრივად ზრდის ფრენების რაოდენობას. ანალოგიურად, იმედის მომცემი სურათია საუდის არაბეთის მიმართულებითაც. მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირიდან Flynas-ი კვირაში ორ რეისზე გადავიდეს. დადებითი ინფორმაცია გვაქვს ქუვეითური ავიაკომპანიებიდანაც. 17 მაისიდან Jazeera Airways-ი თბილისის მიმართულებით აახლებს ფრენებს, ბათუმში ოპერირებას კი მაისის ბოლოდან შეუდგება“, – განაცხადა თეიმურაზ ბუზალაძემ.

წყარო: პირველი არხი