სანქციების შემოღებიდან სამი წლის შემდეგ, რუსული მაღაზიები ძვირფასი დასავლური საქონელით არის სავსე

უკრაინაზე კრემლის თავდასხმის შემდეგ, რუსეთს საერთაშორისო სანქციების ქარცეცხლი დაატყდა თავს და ქვეყნიდან დასავლური ბრენდების მასობრივი გასვლა დაიწყო. ამის მიუხედავად, შეძლებული რუსი მყიდველები დასავლური ფუფუნების საქონლის ფართო არჩევანით დღემდე განებივრებულები არიან. რუსეთის დედაქალაქის ექსკლუზიურ სავაჭრო ზონებში არსებულ უნივერმაღებსა და ელიტარულ მაღაზიებში ისევ იყიდება დასავლური სპორტული მანქანები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული ტანსაცმელი. ეს სურათი წინააღმდეგობაშია დასავლეთის განცხადებებთან, რომ მისი სანქციები რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს და მას გარე სამყაროს მოწყვეტს. „მე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ ვხედავ“, - ამბობს 51 წლის სტომატოლოგი ნატალია, რომელიც წითელ მოედანზე მდებარე მდიდრულ სავაჭრო ცენტრ „გუმში“ დასეირნობს.

„სამი მაღაზია - „შანელი“, „დიორი“ და „ჰერმესი“, - რომლებიც მე ძალიან მიყვარს, ისევ აქ არის. სხვა დანარჩენებიც დარჩნენ. აი, ვხედავ, რომ „ბრუნელო კუჩინელიც“ ადგილზეა“, - აღნიშნა მან, იტალიურ მოდის სახლზე საუბრისას. მოსკოვში ბევრს, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ახარებს იმ სანქციების „მარცხი“, რომელიც გლობალური ეკონომიკისგან რუსეთის იზოლირებას ისახავს მიზნად. „მათ ჩვენი იზოლირება სურდათ? შეხედეთ, ბატონო! ჩვენ იმდენად იზოლირებულები ვართ, რომ სანქციები სასაცილოდაც კი ჟღერს“, - დასცინის დასავლეთს 61 წლის პენსიონერი, სერგეი, ელიტარული მაღაზიიდან გასვლისას.

„ნამდვილი თვალთმაქცობა“

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა „ფუფუნების საგნების“ რუსეთში ექსპორტზე, სანქციების ფარგლებში, პირდაპირი აკრძალვა დააწესეს. ომის დასაწყისში, რუსეთიდან კორპორატიული გასვლის ტალღის ფონზე, რამდენიმე ბრენდმა და ჯგუფმა ბაზარი ასევე ნებაყოფლობით დატოვა. მათ შორის იყვნენ „შანელი“, „ჰერმესი“, „კერინგი“, „ჰენესი“... თუმცა, თითქმის სამი წლის შემდეგ, მათი ლოგოები და პროდუქცია კვლავ ამშვენებს რუსული მაღაზიების თაროებს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მოსკოვში - ხმაურიან მეტროპოლიაში, სადაც დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც კონფლიქტამდე მათთვის მომგებიანი ბაზარი იყო. ყველა სახის სანქცირებული საქონელი კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, შუამავლების მეშვეობით, რუსეთში ადვილად შედის.

დასავლურმა ფუფუნების ბევრმა ბრენდმა, მათაც კი, რომლებიც რუს მყიდველებზე თავის საქონელს პირდაპირ აღარ ყიდიან, მოსკოვის ცენტრში თავისი შენობა შეინარჩუნა, - როგორც ჩანს, მომავალში მათი ხელახლა გახსნის იმედით. „მათი დეკლარირებული წასვლა ნამდვილი თვალთმაქცობაა“, - ამბობს ერთ-ერთი ფრანგი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში ფუფუნების საქონელს ყიდის. როგორც მან ანონიმურობის დაცვის პირობით „ფრანს პრესს“ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მაღაზიები ოფიციალურად დაკეტილია, ეს ბრენდები რუსებისთვის თავიანთი საქონლის მიყიდვას „ბაზრის პლატფორმების“ და დილერების მეშვეობით მაინც აგრძელებენ. ექსპორტის სტატისტიკაც ადასტურებს სანქციების შემოღების შემდეგ ვაჭრობაში უზარმაზარ ნახტომს დასავლეთის ქვეყნებსა და იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელსაც ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მიეკუთვნებიან.

„ასეა თუ ისე, აქ ყველაფერი იმპორტირებულია“, - აცხადებს 38 წლის ელენა, რომელიც მოსკოვის ცენტრში არსებული მდიდრული საცვლებით მოვაჭრე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია. „დღეს ცოტა უფრო რთული მდგომარეობაა, მაგრამ პრობლემებს, მთლიანობაში, ყველა უმკლავდება, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“ უნივერმაღ „ცუმში“. ამავე უნივერმაღის გაყიდვების კონსულტანტი კი ამბობს: „ლუქს-კლასის საქონლის მწარმოებელი ბრენდები ჯერ კიდევ აქ არიან, ისევე როგორც ჩვენი მუდმივი მომხმარებელი. მოთხოვნა არ შემცირებულა“.

დაბრუნება „დროის ამბავია“

თავის ოფიციალურ ვებსაიტსა და აპლიკაციაში „ცუმი“ რეკლამას უკეთებს „პრადას“, „ივ სენ-ლორანის“ და „ალექსანდერ მაკქვინის“ პროდუქციას. ეს ის ბრენდებია, რომლებმაც რუსეთი ოფიციალურად დატოვეს. „ცუმი“ ირწმუნება, რომ მისი ფასები „უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე დუბაისა“. ეს უკანასკნელი საყვარელი დასასვენებელი და სავაჭრო ადგილი გახდა იმ მდიდარი რუსებისთვის, ვისთვისაც ევროპაში მოგზაურობა გართულდა. ფრანგი ბიზნესმენის თქმით, „დუბაიში ფუფუნების საქონლის გაყიდვები მას შემდეგ აფეთქდა“, რაც რუსეთმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა. პირდაპირი ექსპორტისგან მოწყვეტილმა რუსმა საცალო მოვაჭრეებმა თავიანთი მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი საქონლის მისაღებად კრეატიული გზები იპოვეს.

სანქციებმა „ბაიერების“ აღორძინება გამოიწვია - ასე უწოდებდნენ 1990-იანი წლების დასაწყისში ადამიანებს, რომლებიც ევროპაში მიემგზავრებოდნენ და იქიდან სამშობლოში ფუფუნების საქონელი თავიანთი კლიენტებისთვის ჩემოდნებით მოჰქონდათ. 52 წლის სტილისტი, ანდრეი, რომელსაც მაღალი კლასის კლიენტურა ჰყავს, ამბობს, რომ ახლა მყიდველები დიდ ბუტიკებთან ან სავაჭრო ცენტრებთან პირდაპირ კონტრაქტებს აფორმებენ. „ისინი მილანში, პარიზში, ლონდონში უშუალო წარმომადგენლებისგან იღებენ შეკვეთებს ავეჯზე, ჭურჭელზე, სამკაულებზე, ტანსაცმელსა და ბეწვზე“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“. მდიდრულ დასავლურ საქონელზე დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, მდიდარი რუსები დარწმუნებულნი არიან, რომ დასავლური ბრენდები თავად იჩქარებენ დაბრუნებას, როგორც კი ამას მოახერხებენ.

„ეს მხოლოდ დროის ამბავია“, - დარწმუნებულია ანდრეი.

წყარო: 1 არხი