2024 წელს ესპანეთში ზღვით გადასვლისას 10 000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, რაც, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 58 პროცენტით მეტია.
ერთ-ერთი ესპანური უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული უახლესი ანგარიშის მიხედვით, მკვეთრად გაიზარდა მავრიტანიიდან გამოსული გემების რაოდენობა.
ევროპაში გადასვლის მსურველი მიგრანტებისთვის მავრიტანია გამგზავრების მთავარი პუნქტი გახდა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2024 წელს ქვეყანაში ზღვის გავლით 57 700 მიგრანტი ჩავიდა.
ესპანეთის უფლებადამცველი ორგანიზაციის „კამინანდო ფრონტერასის“ მიერ 26 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ზღვაში დაიღუპა 10 000-ზე მეტი მიგრანტი, რომლებიც ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ. გარდაცვლილთა რაოდენობა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 58 პროცენტით მეტია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი მონაცემები მიგრანტთა ოჯახების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და გადარჩენილთა შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. მიგრანტების უმეტესობა დაიღუპა ე.წ. ატლანტის მარშრუტზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა.
ამ მარშრუტის გასავლელად ათიათასობით ადამიანმა დატოვა დასავლეთ აფრიკის ქვეყნების სანაპიროები. ესპანეთის არქიპელაგი კი, რომელიც აფრიკის სანაპიროებთან ახლოს მდებარეობს, მათთვის ერთგვარი კარიბჭეა ევროპაში გადასასვლელად.
უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ასევე მავრიტანიიდან გამოსული გემების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე.
იმ მიგრანტებისთვის, რომლებსაც კანარის კუნძულებზე სურთ გადასვლა, გამგზავრების მთავარი პუნქტი ახლა სწორედ მავრიტანიაა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ზღვის გავლით ქვეყანაში 57 700 მიგრანტი ჩავიდა, რაც 12 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია