კონგრესმენი ჯო უილსონი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მოუწოდებს"სამიზნეში ამოიღონ "აგრესორთა ღერძი", მათ შორის "ქართული ოცნება". ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) წერილის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News ავრცელებს.
წერილს თავად უილსონიც ადასტურებს X-ის საკუთარ გვერდზე. თავის წერილში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის , დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე კანდიდატს, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკლ უოლცს მოუწოდებს "აშშ-ის სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენების პრიორიტეტიზაცია მოახდინონ, რათა გამოააშკარავონ და ჩაშალონ ქართული სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემები, თაღლითური 'ქოლ-ცენტრები', და "ქართული ოცნების" სხვა უკანონო პროექტები".
უილსონის წერილის თანახმად, ეს ოპერაციები საშუალებას აძლევს ივანიშვილის რეჟიმს სარგებელი მოიპოვოს ისეთი სისასტიკეებისგან, როგორიცაა უკრაინაში რუსეთის აგრესია, "რომელსაც ხელს უწყობს ჩინური, ჩრდილოეთ კორეული და ირანული თანამონაწილეობა".
უილსონი ივანიშვილის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს "მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს" უწოდებს და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს გააფართოოს სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და მეგობრებზე. "ეს კრიტიკული შესაძლებლობაა წინ წავწიოთ მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის დაცვისა და მავნე გავლენასთან წინააღმდეგობის ჩვენი საერთო მიზნები. აგრესორთა ღერძი ძალის მნიშვნელოვან გამაძლიერებელს დაკარგავს თუ საქართველო ქართველი ხალხის მმართველობას დაუბრუნდება," - წერს უილსონი წერილში. უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე მადლობას უხდის Fox News-ს მარკო რუბიოსა და მაიკლ უოლცისადმი წერილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის და აღნიშნავს, რომ "დონალდ ტრამპი ამერიკის მტრებისგან შეურაცხყოფას არ მიიღებს".