გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი, ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობას მხოლოდ შესაბამისი მანდატის არსებობის შემთხვევაში განიხილავს და ისურვებდა, რომ ეს მანდატი რუსეთთან იყოს შეთანხმებული.

ამის შესახებ მერცმა, გამოცემა Die Zeit-ის თანახმად, გერმანულ მედია DPA-სთან ისაუბრა.

"თუ მშვიდობის შეთანხმება შედგა და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, ამის განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლება, თუ საამისოდ საერთაშორისო სამართლით იდეალური მანდატი იარსებებს. ამჟამად ამას ვერ ვხედავ. [...] ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს მანდატი დაფუძნებული ყოფილიყო რუსეთთან კონსენსუსზე და არა კონფლიქტზე". - თქვა მერცმა.

DPA-ს კითხვაზე, თუ NATO-ს წევრობის გარდა რა შესაძლო უსაფრთხოების გარანტია წარმოედგინა მერცს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მერცმა თქვა, რომ ამ მოცემულობით ცეცხლის შეწყვეტა ძალიან შორს არის.

"ცეცხლის შეწყვეტა ძალიან შორს არის. ეს ყველა საკითხი შემდეგ რამდენიმე კვირაში და, შესაძლოა, თვეებში უნდა გაირკვეს". - თქვა მერცმა.

გარდა ამისა, მერცმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გაგზავნა დაიცვა და აღნიშნა, რომ აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მსგავს იარაღებს უკვე აგზავნიან, თუმცა ომში მონაწილეები არ გამხდარან.

"სამიდან არცერთი არ გამხდარა მეომარი მხარე. Taurus-ი უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის ქვაკუთხედია". - თქვა მერცმა.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ევროპელი ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას განიხილავენ.

3 დეკემბერს რადიო თავისუფლება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმაზე მსჯელობდნენ. პარალელურად, ამავე დღეს NATO-ს მინისტრების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ამ შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. მოგვიანებით, ბერბოკის გადაწყვეტილებას გერმანული ოპოზიციის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ამ ეტაპზე "უპასუხისმგებლო" უწოდა.

9 დეკემბერს Bloomberg-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პოლონეთის პრემიერმინისტრს, დონალდ ტუსკს უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალების გაგზავნის განსახილველად უნდა შეხვედროდა.

ამავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინამ მაკრონის შეთავაზება „შეიძლება გაითვალისწინოს“, თუმცა მხოლოდ NATO-ში გაწევრიანების ნათელი თარიღის გაგების შემდეგ.

როგორც Wall Street Journal დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაკრონთან და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად სამშვიდობო ძალების გაგზავნა ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ, აშშ-ს ჯარისკაცები კი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

12 დეკემბერს იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყანა მზად არის, უკრაინაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მიიღოს, თუ ომის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის კონტროლირებადი შეთანხმება მიიღწევა

შეგახსენებთ, რომ ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, უნდობლობა გამოუცხადა, რასაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოჰყვება.

ნოემბერში გამოცემა POLITICO-მ გაავრცელა ცნობა, რომ გერმანია რიგგარეშე ფედერალურ არჩევნებს 2025 წლის 23 თებერვალს გამართავს.

7 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატებისა (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის ლიდერს, ქრისტიან ლინდნერს ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოებების გამო თანამდებობიდან ათავისუფლებდა. 

წყარო: ტაბულა