რა ვითარებაა ტურიზმის სექტორში და რა მოლოდინები აქვს ხელისუფლებას, - ამ კითხვაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ბოლო თვეებში თბილისის გარკვეულ უბნებში არსებული დემონსტრაციების გამო კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებზე ნეგატიურად აისახა პროცესები, თუმცა, მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა.
„ახლაც ვაკეთებთ კვლევას და მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა, მათ შორის, საკმაოდ მაღალია ბათუმში, თუ გასული წლის შესაბამის თვეებთან შევადარებთ. ასევე მაღალია აქტივობა მთის კურორტებზეც - ჯავშნები მაღალ პროცენტზეა. ვთვლით, რომ 2025 წელსაც ტურისტული სექტორი შეინარჩუნებს ზრდას და იმ საპროგნოზო მაჩვენებლებს, რომლებიც, მათ შორის, ტურიზმის კუთხით გვქონდა, მომავალ წელსაც შევასრულებთ - შეიძლება გარკვეულ თვეებში იყოს გარკვეული მერყეობა, მაგრამ წლიურ ჭრილში დაგეგმილ მაჩვენებლებს აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა