სანქციების მიუხედავად, ევროკავშირი ყოველწლიურად ასობით მილიონი ევროს ღირებულების რუსულ თევზს ყიდულობს, – ამის შესახებ სტატიას „ევრაქტივი“ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, იმპორტის შემცირების მცდელობების მიუხედავად, რუსული თევზი ევროპულ ბაზარზე კვლავ ხვდება და მისი უმსხვილესი იმპორტიორები არიან ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი.

როგორც „ევრაქტივი“ წერს, საჯარო განცხადებებში ევროკომისია აცხადებს, რომ საკმარისი ძალისხმევა გასწია რუსული თევზის გამოყენების ეტაპობრივად შესაჩერებლად. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით კი, 2024 წელს ევროკავშირმა რუსეთიდან 709 მილიონი ევროს ღირებულების თევზი შეიძინა.

სტატიის მიხედვით, თევზის პროდუქტების ეტიკეტზე ექსპორტიორ ქვეყნად რუსეთი არ არის მითითებული და შეფუთვაზე არც მისი დროშაა განთავსებული, ამის ნაცვლად კი მითითებულია კოდები „FAO 67“ ან „FAO 27“.

„საკითხს ისიც ართულებს, რომ რუსული თევზი ევროკავშირში რამდენიმე ფარული არხით ხვდება. ნორვეგიაში პროდუქტს საკმარისად თუ გადაამუშავებთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ის ნორვეგიულია. შეგიძლიათ, დაჭერილი თევზის რუსული წარმოშობა გაათეთროთ“, – ვკითხულობთ სტატიაში.

1tv.ge