"კლინიკები ნოზოკომიური ინფექციების პრობლემას მალავენ, რაც ჯანდაცვის სექტორში დანახარჯების მკვეთრ ზრდას იწვევს" - საკითხზე სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში იმსჯელეს, სადაც ამბობენ რომ საავადმყოფოს შიდა ინფექციები ქართული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

საქართველოს მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი და პროფესორი დავით ჯიქია “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პრობლემის მასშტაბურობაზე საუბარი რთულია, რადგან ოფიციალური მონაცემები კლინიკების შიდა ინფექციების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს არ აქვს. მისი თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ ერთი ექიმისგან არ მოდის და ის უკავშირდება ჯანდაცვის სექტორში ჩართული ყველა რგოლს შორის კომუნიკაციის პრობლემას.

“პრობლემა ზედამხედველ ორგანოებს შორის, კლინიკას, კლინიკის ადმინისტრაციას, პერსონალს შორის კოლაბორაციაში და იმ ყველა რგოლს შორის კომუნიკაციაშია, რომელიც განაპირობებს მთლიანად ამ პრობლემის არსებობას.

სამწუხაროდ, საქართველოს მონაცემები გლობალური მასშტაბით არცერთ კვლევაში არ ვლინდება და ჩვენ ვიცით, რომ ეს მონაცემები რეალურად შეფასებული არ გვაქვს. არ გვაქვს მეთოდოლოგიურად შეფასებული, შესაბამისად ვერ ვიმსჯელებთ მასშტაბურობაზე, თუმცა ცალკეული კლინიკების მონაცემებით ეს პროცენტი ზოგან შეიძლება იყოს 7%, ზოგან 15%, ზოგან უფრო მეტი. განსაკუთრებით მაღალი პროცენტია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, ქირურგიულ განყოფილებებში, სადაც სხვა ქვეყნებშიც მაღალი პროცენტია, მაგრამ შედარებითი ანალიზი გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ ეს პრობლემა დღეს საქართველოში დგას მწვავედ”, - ამბობს დავით ჯიქია.

კითხვაზე - რამდენად ზრდის შიდა ინფექციების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ხარჯებს, დავით ჯიქია გვპასუხობს, რომ ასეთი გამოწვევების პირობებში ხარჯი პირველ რიგში ეზრდება კლინიკას და ასევე სახელმწიფოს, რომელიც მკურნალობას აფინანსებს. მისი შეფასებით, ამ კუთხით საპრევენციო ღონისძიებები ერთ-ერთი გამოსავალია.

"რასაკვირველია, პაციენტის დამატებითი ინფიცირების შემთხვევაში დანახარჯები მკვეთრად იზრდება. რადგან დამატებითი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ, უნდა გახანგრძლივდეს საწოლზე წოლის ვადა. თითოეული გაზრდილი საწოლ-დღე ხარჯია. ამას ემატება ანტიბიოტიკების ხარჯი. ანტიბიოტიკების მასიურმა და უმიზნო გამოყენებამ განაპირობა ანტიბიოტიკ რეზისტენტული შტამების წარმოშობა, რამაც თავის მხრივ უფრო ძვირი და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენება გახადა საჭირო. ნოზოკომიური ინფექციის დროს გამოვლენილი გამომწვევები თითქმის რეზისტენტულია ჩვეულებრივ ანტიბიოტიკებზე, ამიტომ გვიწევს სარეზერვო ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს ამცირებს გამოჯანმრთელების შესაძლებლობას და ზრდის რისკებს პაციენტისთვის. ზუსტად რომ გითხრათ სამჯერ იზრდება თუ ოთხჯერ - ამის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვნად იზრდება და პრევენციაში ჩადებული თანხა იქნება ის, რაც მკვეთრად შეამცირებს ამ დანახარჯებს”, - ამბობს საქართველოს მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი და პროფესორი დავით ჯიქია.

bm.ge