მონრეალის კონვენცია - ეს არის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის წესები და გამოიყენება ადამიანების, ბარგისა და ტვირთის ნებისმიერი საერთაშორისო გადაადგილებისას, რომელიც ხორციელდება საჰაერო ხომალდის მეშვეობით. სწორედ მონრეალის კონვენცია აძლევს მგზავრს საშუალებას, დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვოს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში GCCA-ს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ოლიკო კობახიძემ კონკრეტული შემთხვევა განიხილა - სააგენტომ მომხმარებლის განცხადება განიხილა და „კატარის ავიახაზების“ საქართველოს ფილიალის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

მომხმარებელმა კომპანიას დადგენილი წესების შესაბამისად მიმართა: 7-დღიან ვადაში, ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, თუმცა კომპანიის უარი დაეფუძნა იმ მიზეზს, რომ განაცხადი აეროპორტის ტერიტორიაზე არ იყო შევსებული.

„ავიაკომპანიამ მომხმარებელს ფორმალური ბარიერი შეუქმნა, რომ განცხადება აეროპორტის ტერიტორიაზე არ იყო შედგენილი. სააგენტომ იხელმძღვანელა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით და ამას მონრეალის კონვენციაც განმარტავს, რომ საჩივრის განხილვის წინაპირობა არის 7-დღიანი ვადის დაცვა, ასევე, წერილობითი საჩივრით მიმართვა, თუმცა ფორმალური ბარიერი, რომ განცხადება აეროპორტის ტერიტორიაზე არ იყო შედგენილი, რა თქმა უნდა, კეთილსინდისიერების სტანდარტებსა და მონრეალის კონვენციით აღიარებულ პრინციპებს არღვევს. აქედან გამომდინარე, სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაადგინა. ავიაკომპანიას დაეკისრა, რომ 1 თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება“, - განაცხადა ოლიკო კობახიძემ.