საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა გაგრძელდეს და გაძლიერდეს როგორც ფინანსური, ისე გეოგრაფიული მოცვითა და ადამიანური რესურსებით,- ამის შესახებ ინფორმაციას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის მონიტორინგის შედეგები მოწმობს, რომ კანონის აღსრულების პროცესი გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას.
„ყოველწლიურად, სხვადასხვა რეგულაციის აღსრულების მიზნით, დაახლოებით 10 000-ამდე ობიექტი მოწმდება. ბიზნეს სუბიექტების უმრავლესობა (95%) კანონს იცავს. თუმცა, დარღვევების კერები მაინც ფიქსირდება:
სამასპინძლო სექტორში, კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში, ძირითადად ზამთრის სეზონზე, კვლავ მთავარ პრობლემად რჩება ე.წ. „შუშაბანდები“ და მოძრავი კონსტრუქციები. ობიექტების მფლობელები ხშირად ბოროტად იყენებენ „ღია სივრცის“ განსაზღვრებას და დახურულ ფართებს ფიქტიურად ღიად აცხადებენ.
სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაა საჯარო (სახელმწიფო) სამსახურებში, სადაც კანონის სამაგალითოდ დაცვის ნაცვლად, მოწევის რეგულაციას სისტემატურად არღვევენ, რაც აღნიშნულ სექტორში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების გასაუმჯობესებლად საგანგებო ზომების გატარებას საჭიროებს.
კვლავაც აქტუალურია ტაქსებსა და მიკროავტობუსებში მოწევის ფაქტების კონტროლი. კანონდარღვევის ფაქტზე მოქალაქეების ინერტულობის გამო, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ბოროტად სარგებლობენ. ტაქსებში, მძღოლების განცხადებით, მგზავრები, ძირითადად ქალბატონები ეწევიან და მოწევის შეწყვეტის მოწოდებაზე მძღოლებს ტაქსის აპლიკაციაში ნეგატიური შეფასებებით ემუქრებიან.
2025 წლის წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სტანდარტული (სადა) შეფუთვის სრული ამოქმედებაა. 1 აპრილიდან ბაზარი გადავიდა სიგარეტის კოლოფების ერთგვაროვან შეფუთვაზე, რაც მიზნად ისახავს თამბაქოს მიმზიდველობის შემცირებას. დეკემბრის მონაცემებით, სავაჭრო ობიექტებში მნიშვნელოვნად შემცირდა ძველი შეფუთვის სიგარეტების მოცულობა, თუმცა კარგა ხანია საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს.
მონიტორინგის შედეგებით, მაისიდან შესამჩნევი იყო რეგულაციის დარღვევათა კლება, მაგრამ შემდგომში აღმასრულებელი სტრუქტურების მხრიდან უყურადღებობის გამო, სადისტრიბუციო კომპანიებმა სავაჭრო ობიექტებში კვლავ ძველი შეფუთვის სიგარეტის კოლოფები შეიტანეს. სექტემბრიდან განსაკუთრებით მოიმატა დარღვევათა რაოდენობამ. დეკემბერში შესამჩნევია კლება, რაც არამხოლოდ აღმასრულებლების მხრიდან რეაგირების, ე.წ. „ბუნებრივი განლევის“ პროცესის შედეგია. დასანანია, რომ მონიტორინგის სამსახურს აღმასრულებელი უწყებისთვის გამუდმებით უწევდა შეეხსენებინა მოვალეობის პირნათლად შესრულების ვალდებულება და 9 თვე გაიწელა რეგულაციის არასრულფასოვნად აღსრულების პროცესი. შედეგად უამრავი კანონდარღვევა დარჩა რეაგირების გარეშე და ბიუჯეტმაც იზარალა და მოსახლეობის (განსაკუთრებით მოზარდების) ჯანმრთელობაც კვლავ საფრთხის ქვეშ დარჩა.
უაღრესად აქტუალურია ახალი გამოწვევა: Vape-ებისა და გასახურებელი თამბაქოს (HTP) მოხმარება დახურულ სივრცეებში. მომხმარებელთა ნაწილს ჰგონია, რომ კანონი ამ მოწყობილობებზე არ ვრცელდება, რაც ხშირად ხდება დაჯარიმების მიზეზი.
ამ პრობლემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის 2025 წელს თამბაქოს პრევენციის საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის ჩაშლა. მიუხედავად იმისა, რომ რესურსები ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო, მთელი წლის განმავლობაში პროგრამა არ ამოქმედებულა. კამპანიის არარსებობის გამო საზოგადოებაში ინფორმაციული ვაკუუმის შედეგად:
იმ სამასპინძლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, მოქალაქეებში ამკვიდრებენ მითს, თითქოს მოქმედი კანონმდებლობა არ ვრცელდება ელექტრონულ სიგარეტსა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე და მათი მოწევა შენობაში დასაშვებია. ეს სრული სიცრუეა. მოწევის აკრძალვის რეგულაცია ჩვეულებრივად მოქმედებს თამბაქოსა და ნიკოტინის ნებისმიერ ნაწარმზე.
კვების ობიექტების ადმინისტრაციებმა ხშირად არ იციან, რომ მათ ეკისრებათ თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც ტრადიციულ, ისე თამბაქოს ან ნიკოტინის ნებისმიერი პროდუქტის მოწევის დაშვებაზე მათ ფართში.
მსხვილი ბიზნესისთვის 500-ლარიანი ჯარიმა აშკარად „პრევენციულ ძალას“ კარგავს და საჯარიმო რეგულაციები ჯარიმის გაზრდის კუთხით გადახედვას საჭიროებს.
მოზარდებში ელექტრონული სიგარეტების მოხმარება მზარდია.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმა უკვე მოიტანა მთელი რიგი დადებითი შედეგები და გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შეამცირა, მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშაა. სახელმწიფო პროგრამების, როგორც მონიტორინგის, ისე მედია-კამპანიის ჩავარდნა ნიშნავს, რომ კანონის რეალურ ცხოვრებაში გატარება გართულდება.
მთავარი გამოსავალი მონიტორინგის პროგრამის უწყვეტობა და გაძლიერებაა. ამასთან, აუცილებელია მძლავრი მედია-კამპანიის წარმოება და ჯარიმების ზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგი და საზოგადოებრივი ნიჰილიზმი მიღწეულ შედეგებს საფრთხეს შეუქმნის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.