საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გეგმავს წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად ევროკავშირში სოციალური ქსელების გამოყენება 15 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალება. მისივე თქმით, თუ ეს რეგულაცია ევროკავშირის მასშტაბით ვერ გავრცელდა, საფრანგეთი საკანონმდებლო ცვლილებას დამოუკიდებლად მაინც მიიღებს.
პრეზიდენტ მაკრონის ეს ინიციატივა საფრანგეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ნოჟანში მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება, როცა სკოლის მოსწავლემ ჩანთის რუტინული შემოწმებისას მასზე გაცილებით უფროსი ასაკის სკოლის თანამშრომელს დანით რამდენიმეჯერ დაარტყა და მოკლა.
პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდებში მომძლავრებული აგრესია და ძალადობის სურვილი, დიდწილად, სწორედ სოციალურ ქსელებს უკავშირდება, მაგრამ სოციალური ქსელები არაფერს აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების ასაკის შემოწმებისთვის საჭირო ხელსაწყოები აქვთ.
საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არასრულწლოვანებზე სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენის შემცირება სურს. 2023 წელს ავსტრალიამ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და 16 წლამდე ადამიანებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, რეგულაციის აღსრულება, ფაქტობრივად შეუძლებელია.