ყავის გლობალურ მოხმარებაში აშშ და ბრაზილია ლიდერობენ, თუმცა უმსხვილეს მომხმარებელ ქვეყნებს შორის არაერთი ისეთი სახელმწიფოც არის, რომელიც ტრადიციულად ყავის კულტურასთან ნაკლებად ასოცირდება.

USDA-ს საგარეო სასოფლო-სამეურნეო სამსახურისა და ევროპის ყავის ფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი რეიტინგის მიხედვით, 2025/26 საბაზრო წელს ყავის მოხმარების მიხედვით მსოფლიოს 96 ქვეყანა შეფასდა. მონაცემები 60-კილოგრამიანი ტომრებით, მწვანე ყავის მარცვლის ეკვივალენტშია წარმოდგენილი.

რეიტინგის მიხედვით, ყავის რვა უმსხვილეს მომხმარებელ ქვეყანაზე მსოფლიო მოხმარების 51.1% მოდის. პირველ ადგილზე აშშ-ია 14.7%-იანი წილით. ქვეყანაში წლიური მოხმარება 25.55 მლნ 60-კილოგრამიან ტომარას შეადგენს.

მეორე პოზიციას ბრაზილია იკავებს, რომლის წილი გლობალურ მოხმარებაში 12.8%-ია, მოცულობა კი 22.28 მლნ ტომარას აღწევს. სამეულს გერმანია ხურავს 6.4%-იანი წილითა და 11.08 მლნ ტომარა ყავის მოხმარებით.

ყავის მოხმარებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

ქვეყანა

მსოფლიო მოხმარების წილი

მოხმარება (ათასი ტომარა)

აშშ

14.7%

25 550

ბრაზილია

12.8%

22 280

გერმანია

6.4%

11 079

იაპონია

3.8%

6 653

ფილიპინები

3.8%

6 525

ჩინეთი

3.7%

6 420

კანადა

2.9%

5 050

საფრანგეთი

2.9%

5 033

ვიეტნამი

2.8%

4 900

ინდონეზია

2.8%

4 810

აშშ-ის ლიდერობას ქვეყანაში ყავის ყოველდღიური მოხმარების მაღალი მაჩვენებელი განაპირობებს. ყავის ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, ზრდასრული ამერიკელების 66% სასმელს ყოველდღიურად მიირთმევს. ამასთან, აშშ ყავის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია, რადგან შიდა წარმოება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის.

ბრაზილიისა და ეთიოპიის შემთხვევაში სურათი განსხვავებულია: ორივე ქვეყანა ყავის მსხვილი მწარმოებელია და მოყვანილი მოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობრივი მოხმარებისთვის იტოვებს. ეთიოპია, სადაც 2025/26 წელს 4.5 მლნ ტომარა ყავის მოხმარებაა მოსალოდნელი, აფრიკის უმსხვილესი სამომხმარებლო ბაზარია.

რეგიონულ ჭრილში, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მსოფლიო მოხმარების 23.3% მოდის. ამ რეგიონიდან რეიტინგის ათეულში ხუთი ქვეყანა მოხვდა, მათ შორის იაპონია, ფილიპინები და ჩინეთი.

ამასთან, საერთო მოხმარების მიხედვით ევროპა რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა — მასზე გლობალური მოთხოვნის 31.6% მოდის. ეს მაჩვენებელი 36 ქვეყანას შორის ნაწილდება. ევროპული ქვეყნებიდან მსოფლიო რეიტინგის ათეულში გერმანია და საფრანგეთი არიან წარმოდგენილი.

მსოფლიოში 2025/26 საბაზრო წელს ყავის მთლიანი მოხმარება 173.46 მლნ 60-კილოგრამიან ტომარას შეადგენს.