ირანული რიალის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. „ირან ინთერნეიშენალის“ ცნობით, ერთი დოლარის ექვივალენტმა ფასმა 3 003 000 რიალს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოცემის ცნობით, რიალი ასევე დაეცა სხვა ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. ევროს კურსი  3 307 000 რიალს აღწევს, ხოლო ბრიტანული ფუნტი სტერლინგის – 3 956 000 რიალს.

ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აბდოლნასერ ჰემატიმ განაცხადა, რომ ირანს საკმარისი მყარი ვალუტა აქვს ძირითადი საქონლისა და მედიკამენტების შესაძენად მომდევნო თვეების განმავლობაში, თუმცა, მისი თქმით, სავალუტო ბაზარზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორებიც.

„ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, როგორებიცაა ეკონომიკა, მოლოდინები და პოლიტიკა. ჩვენ ვცდილობთ ბაზრის სტაბილიზაციას რაც შეიძლება მეტად“, – განუცხადა ჰემატიმ სახელმწიფო ტელევიზიას.

„როიტერი“ წერს, რომ ირანული რიალის გაუფასურების მთავარი მიზეზი ირან-ამერიკის ომია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-მა ივლისში ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადა განაახლა და ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა სამუშაო ჯგუფის, „რკინის კარიბჭის“ შექმნა, რათა შეეზღუდა იარაღისა და სანქცირებული მასალების გადაადგილება ირანის სახმელეთო საზღვრებსა და კასპიის ზღვაზე.

ამასთან, ირანის სტატისტიკური ცენტრის მონაცემებით, ოქტომბერში ირანში სამომხმარებლო ფასები, წინა წელთან შედარებით, 88.7%-ით, ხოლო წლიური საშუალო ინფლაცია 76.8%-მდე გაიზარდა. საკვებისა და სასმელების ფასებმა წინა წელთან შედარებით 112.6%-ით მოიმატა.