პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მდებარე, 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სპორტული სტადიონის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 11 248 კვ.მ ფართობის სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად სამ ნაწილად დაყო და გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებად დაარეგისტრირა საკუთარ და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე.
უწყების ცნობით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ ბრალდებულმა ნაკვეთებს ფუნქციური დანიშნულება შეუცვალა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად დაარეგისტრირა. მოგვიანებით კი, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე ნაკვეთი მასთან დაკავშირებული პირის სახელზე გადააფორმა.
პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულმა პირმა ბრალდებულის დავალებით საჯარო რეესტრს მიმართა და ნაკვეთები გააერთიანა.
უწყების შეფასებით, ამ გზით განხორციელდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და სახელმწიფოს კუთვნილი, 1 871 908 ლარად შეფასებული სპორტული სტადიონის დაუფლება.