ჩინური ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Shein-ი აშშ-ის მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესახებ პრეტენზიების მოსაგვარებლად $100 მილიონს გადაიხდის,- ამის შესახებ Reuters-ი წერს.
საქმე ეხება მომხმარებლებისთვის მიწოდების ვადების, პროდუქციის შეფასებებისა და ბამბის წარმომავლობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) ინფორმაციით, მიუხედავად სწრაფი მიწოდების დაპირებისა, ათიათასობით მომხმარებელი შეკვეთებს დაგვიანებით, ზოგჯერ კი რამდენიმე თვის შემდეგ იღებდა. ცალკეულ შემთხვევებში ამანათები მყიდველებთან საერთოდ არ მისულა. ამასთან, კომპანია პროდუქციის უარყოფით შეფასებებს შლიდა ან ბლოკავდა და ზოგიერთ საქონელში გამოყენებული ბამბის წარმომავლობის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.
FTC-ის წარმომადგენლის განცხადებით, მიღებული თანხა მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოხმარდება.
Shein-ის პრესსპიკერის განმარტებით, კომპანიას ბრალეულობა არ უღიარებია და მარეგულირებლის პრეტენზიების ნაწილს კვლავ არ ეთანხმება. ამასთან, შეთანხმების ფარგლებში პლატფორმა მომხმარებელთა მომსახურებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის მექანიზმების გაუმჯობესებას გეგმავს.