გამოცემა Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ ყირიმის ხიდზე თავდასხმისას გამოყენებული შეიარაღების ნაწილის კავშირი ისრაელის სატელიტური კომუნიკაციების კომპანია HiSKY-ის მეშვეობით უზრუნველყო. უკრაინული დანაყოფები ალტერნატიულ სისტემებს SpaceX-ის სამხედრო სატელიტურ სერვის Starshield-ზე დაწესებული სიჩქარის შეზღუდვის ფონზე ეძებენ.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, HiSKY, Starlink-ისგან განსხვავებით, რუსეთის ტერიტორიაზეც მუშაობს. უკრაინულმა დრონების დანაყოფებმა ის რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების მოსაძებნადაც გამოიყენეს.

ამასთან, გამოცემის წყაროს თქმით, ისრაელის სისტემის გამოყენება მეტ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს და მისიებით მუშაობისას სპეციალისტების ჩართულობაც საჭიროა. ამიტომ ის, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენება და ყოველდღიური ოპერაციებისთვის Starshield-ის სრულფასოვან ალტერნატივად ვერ იქცევა.

უკრაინული დანაყოფების ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ის ტერმინალებისთვის კვლავ მოქმედებს საათში 100 მილის, ანუ დაახლოებით 161 კილომეტრის სიჩქარის შეზღუდვა. სამხედროების თქმით, ამ სიჩქარის გადაჭარბებისას კავშირის დაკარგვის საფრთხე ჩნდება.

უკრაინული ძალები ასევე იყენებენ მობილურ ქსელებსა და სისტემებს, რომლებშიც დრონები ერთმანეთს რადიოსიგნალს გადასცემენ. თუმცა, ამ საშუალებებს დაფარვის, ჩახშობისადმი მოწყვლადობის, ღირებულებისა და ვიდეოს დაყოვნების პრობლემები ახლავს თან. WSJ-ის წყაროების შეფასებით, SpaceX-ის სერვისების სრულფასოვანი შემცვლელი ამ ეტაპზე არ არსებობს.

ცნობისთვის, The Telegraph უკრაინელ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდის სრულად გასანადგურებლად ახალ დარტყმებს ამზადებს. გამოცემის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხიდის დარჩენილი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანა სურს. წინა იერიშის შედეგად საავტომობილო მონაკვეთი ჩამოინგრა, სარკინიგზო ნაწილი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.