აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვია, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრი სიბიჰას შეხვდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბაირამოვმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პარკში მდებარე მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი გმირების ხსოვნას. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოფენასაც ეწვივნენ.
ანდრი სიბიჰასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ორმხრივი პარტნიორობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება.
მისი თქმით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR უკვე მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს უკრაინის ბაზარზე და საქმიანობის გაგრძელებასაც გეგმავს.
ბაირამოვის განცხადებით, ბაქოსა და კიევს შორის აქტიური დიალოგი მიმდინარეობს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს ამჟამად ბუნებრივი გაზი 16 ქვეყანაში გააქვს, მათ შორის ევროპის 12 სახელმწიფოში, საიდანაც 10 ევროკავშირის წევრია.
„საჭიროების შემთხვევაში, მოხარული ვიქნებით, ბუნებრივი გაზი მეგობარ უკრაინასაც მივაწოდოთ. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით უფრო ფართო გეოგრაფიაზეც“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.