საბჭოთა არქიტექტურა ქრება, რადგან ცენტრალური აზია მოსკოვს შორდება.
ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადზე მიმაგრებული გიგანტური მოზაიკა, რომელზეც კოსმონავტები და ინჟინრები არიან გამოსახულნი, საბჭოთა კავშირის სამეცნიერო ტრიუმფს განადიდებს. ცენტრალურ აზიაში არსებული სხვა მრავალი საბჭოთა გადმონაშთის მსგავსად, ისიც გაქრობისთვისაა განწირული, რაც რუსეთთან დისტანცირებითა და ეროვნული კულტურის აღორძინებისკენ სწრაფვით არის გამოწვეული. „კარგი იქნებოდა, მისი ფრთხილად მოხსნა და ამ ადგილზე აშენებულ ახალ შენობაზე გადატანა რომ შეიძლებოდეს“, - ნატრობს რახმონ სატიევი, რომელიც ამ კორპუსში ცხოვრობს. მის სურვილს ახდენა არ უწერია - კორპუსი მალე დაინგრევა, რათა ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს დაუთმოს ადგილი, მოზაიკას კი გაანადგურებენ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ცენტრალურმა აზიას საბჭოთა მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების და ხელოვნების ნიმუშების - მათ შორის მოზაიკის, ფრესკების და სკულპტურების დემონტაჟი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. „თუ შენობა ძველია და ქალაქის ახალ გეგმაში არ ჯდება, მას ანგრევენ. ქალაქი ახლდება, თავიდან შენდება, წარსული კი ქრება“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“ ტაჯიკმა მოზაიკის ოსტატმა, ჯამშედ ჯურაევმა. მისი სახელოსნოს ეზოში, თვალისგან მოფარებულ ადგილას, ძველი ეპოქის უხერხული შეხსენება - ვლადიმერ ლენინის ძეგლი შეყუჟულა, რომელიც თანამედროვეობას აღარ შეეფერება.
„აღარ არის საჭირო“
35 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ცენტრალური აზიის ხუთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი - დამოუკიდებელი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, მათი ურბანული ლანდშაფტი ახალი ცათამბჯენების, სტალინური ნეოკლასიციზმის, ნახევრად დანგრეული ქოხებისა და შეჩერებული მშენებლობების ქაოტურ ნაზავად გადაიქცა. ყირგიზეთის არქიტექტურული მემკვიდრეობის დამცველი ჯგუფის, „არტკანას“ თანადამფუძნებელი, ალტინაი კუდაიბერგენოვა ამბობს, რომ დაკარგული ძეგლების რაოდენობა „შოკისმომგვრელია“. ალტინაი დედაქალაქ ბიშკეკის ვიზუალური მომავლის გამო წუხს, სადაც „სოციალისტურ-მოდერნისტული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშები“ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი.
ეს სტილი პოპულარულია სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით - ტურისტებში. თუმცა, არქიტექტურულ ცვლილებებს იდეოლოგია მართავს, რომელშიც საბჭოთა ნაშთებისთვის ადგილი აღარ იძებნება. რეგიონის ლიდერები თავს ახალი ეპოქის დამფუძნებლებად წარმოაჩენენ და საკუთარ ავტორიტეტს ძალაუფლების ახალი სიმბოლოებით ამყარებენ. თუმცა, ამას პირდაპირ ცოტა ვინმე თუ ამბობს.
რადგან ეკონომიკურად კვლავ რუსეთზე არიან დამოკიდებულნი (მაშინაც კი, როცა ჩინეთი რეგიონში პოზიციებს იმყარებს), ოფიციალური პირები ძველი ძეგლების დემონტაჟის კამპანიას ხარჯების ოპტიმიზაციით ხსნიან. მათი თქმით, საბჭოთა ეპოქის შენობების განახლება უფრო ძვირია, ვიდრე ახლის აშენება, რეგიონს კი სასწრაფოდ სჭირდება საცხოვრებელი ფართები 80-მილიონიანი მზარდი მოსახლეობისთვის. „დუშანბეს მერი, რომელიც პრეზიდენტის ვაჟია, ყველაფერს აკეთებს, რათა შენობები მაქსიმალურად ლამაზი და კომფორტული გახადოს“, - განუცხადა „ფრანს პრესს“ ცნობილმა ტაჯიკმა მოქანდაკემ, საფარბეკ კოსიმოვმა. მისი აზრით, საბჭოთა ეპოქის მოზაიკა „საჭირო აღარ არის“.
ამ თვალსაზრისით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება 73 წლის ავტორიტარი ლიდერის, ემომალი რახმონის პორტრეტებს, რომლებითაც ბევრი დაზაიანებული ფასადია დაფარული.
იდეოლოგიური ხელოვნება
კრიტიკოსები გმობენ ამ კამპანიას. „საბჭოთა მოზაიკების უმეტესობა იდეოლოგიური გზავნილის შემცველია, თუმცა მათი მხატვრული ღირებულებაც მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ბიზნესი ამ ფაქტორებს იშვიათად ითვალისწინებს. მისი პრიორიტეტი კვადრატული მეტრების ძვირად გაყიდვაა“, - ამბობს აქტივისტი კუდაიბერგენოვა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მტკიცებით, უძრავი ქონების ირგვლივ გარიგებები, ხშირად, კორუფციითა და ჩინოვნიკებსა და ბიზნესს შორის ფარული შეთქმულებებით გამოირჩევა.
ბიშკეკში მცხოვრები მხატვარი, ერკინბეკ ბოლჟუროვი „მხატვართა სახლის“ ბედზე ნერვიულობს, რომელიც ყოფილი ეროვნული სტამბის გვერდით დგას - ამ უკანასკნელისგან ახლა მხოლოდ კედლებია დარჩენილი. „რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ქალაქი განვითარდეს, მაგრამ არა ჩვენი მეხსიერების ხარჯზე. ამ კედლებში დიდი ხელოვანები მუშაობდნენ. სწორედ ეს ხდის შენობას უნიკალურს, მას დიდი ისტორია აქვს“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება ცენტრალურ აზიაში მკაცრად კონტროლდება და ხელისუფლება საზოგადოებასთან კონსულტაციებს იშვიათად მართავს.
არსებული ტენდენციის მიუხედავად, ტაჯიკი მოზაიკის ოსტატი, ჯურაევი იმედოვნებს, რომ „დადგება დრო“, როდესაც მოზაიკა კვლავ დაამშვენებს შენობებს. მისი აზრით, მოზაიკის ხელოვნების „აღორძინება“ კვლავ არის შესაძლებელი.
წყარო: 1 არხი