2025 წლის იანვარში AI-სტარტაპმა, Anthropic-მა, რომელიც თავისი ჩეტბოტის, Claude 4-ის გაშვებისთვის ემზადებოდა, პარალელურად, კერძო დაფინანსების რაუნდში, $60-მილიარდიანი ღირებულების მიღწევაც დააანონსა. შედეგად, სულ რაღაც ოთხი წლის წინ დაარსებული კომპანია პლანეტის ძვირადღირებულ AI-ფირმებს შორის მოექცა, ხოლო მისი შვიდივე თანადამფუძნებელი ამერიკული Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს შეუერთდა.
საერთო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების 680 თვითშემდგარი მილიარდერიდან 54, ძირითადად რვა საჯაროდ დალისტულ კომპანიაზე მოდის. ამ კომპანიების უმეტესობა სამომხმარებლო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ოპერირებს. მათ შორის, Anthropic-ისა და ციფრული სარეკლამო კომპანია AppLovin-ის შემთხვევაში, სულ 8-8 თვითშემდგარი მილიარდერი ირიცხება – მათი აქციების ღირებულება, ინვესტორების მხრიდან AI-მიმართულებით დაფინანსების მატებასთან ერთად, ბოლო წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა.
Anthropic-მა 2025 წელი $18 მილიარდის შეფასებით დაიწყო, სექტემბერში კი $13 მილიარდის დაფინანსების რაუნდი გამოაცხადა, კომპანიის $183-მილიარდიანი ღირებულებით. ამასობაში, AppLovin-ის აქციების ფასი, 2021 წელს Nasdaq-ზე საჯაროდ დალისტვის შემდეგ 1,000%-ზე მეტით გაიზარდა, მათ შორის 2025 წელს 100%-იანი ზრდა აჩვენა, რის შედეგადაც, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ თითქმის $250 მილიარდს მიაღწია.
იმ საჯაროდ დალისტულ კომპანიებს შორის, რომელთაც ყველაზე მეტი მილიარდერი შექმნეს, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები არიან, როგორებიცაა Meta, Google-ი და Microsoft-ი. ახლა, როდესაც აშშ-ის საფონდო ბაზარი რეკორდულ მაქსიმუმზეა და ეს კომპანიები დიდ ფსონებს დებენ ხელოვნურ ინტელექტზე, მათ ინვესტორებსა და დასაქმებულებს შორის იმაზე მეტი მილიარდერია, ვიდრე ოდესმე. მათ შორის, მიმდინარე წელს, Forbes-ის მილიარდერთა რიგებს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელაც შეუერთდა. Meta-ს შემთხვევაში, მილიარდერთა შორის მარც ცუკერბერგის გარდა, კომპანიის თანადამფუძნებლები, ადრეული ინვესტორები და ყოფილი აღმასრულებლებიც კი ირიცხებიან.
თუმცა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ყველაზე მეტი მილიარდერით Google-ის მფლობელი კომპანია, Alphabet-ია წარმოდგენილი. საძიებო გიგანტმა 1998 წელს დაარსების დღიდან ათი ამჟამინდელი მილიარდერი შექმნა, რომელთა კოლექტიური ქონება $600 მილიარდს აჭარბებს – მათ შორისაა ორი თანადამფუძნებელი, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი და ექვსი ინვესტორი.
თუმცა კომპანიის მილიარდერთა „ქარხნად“ გადაქცევა არ იძლევა გარანტიას, რომ ეს მდგომარეობა მომავალში არ შეიცვლება. მაგალითად, ოქტომბერში, ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებლის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციის $5 ტრილიონამდე გაზრდის შედეგად, მილიარდერის სტატუსი კომპანიის ორმა აღმასრულებელმა მოიპოვა. მაგრამ მას შემდეგ, კომპანიის აქციების ღირებულების 10%-იანი ვარდნა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათი ქონებაც მილიარდიან ნიშნულს ჩამოსცდენოდა.