2025 წელი „ამბასადორი ჯგუფმა“ კურორტ გოდერძიზე მდებარე სასტუმროს ახალი შენობის გახსნით დაასრულა, 2026 წელს კი კომპანია ახალ სასტუმროს ამჯერად ბათუმში გახსნის.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „ამბასადორი ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ნადიბაიძემ განაცხადა, კომპანიისთვის განსაკუთრებით საამაყო „ამბასადორი გოდერძის“ კომპლექსია, რომელიც კურორტის განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.

„კურორტ გოდერძის სასტუმრო განსაკუთრებით გვეამაყება, რადგან კურორტის განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. გვიხარია, რომ ჩვენი წარმატებული საქმიანობა ამ კურორტზე ახალი შენობით შეგვიძლია გავაგრძელოთ და უფრო მეტ სტუმარს ვუმასპინძლოთ. ზოგადად, „გოდერძი ამბასადორი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს კურორტის პოპულარიზაციაში როგორც შიდა ტურიზმის მიმართულებით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველი სტუმარი გვყავს ხოლმე, ისე საერთაშორისო მიმართულებებზეც. განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან, სადაც ძალიან ბევრი ძალიან კარგი ზამთრის კურორტია, თუმცა, იმის გამო, რომ კურორტი არის ულამაზესი, ბუნებრივი პირობები იძლევა გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობას, ევროპელების ინტერესი ძალიან დიდია“, - ამბობს ნინო ნადიბაიძე.

რაც შეეხება „ამბასადორი კაჭრეთს“, ნინო ნადიბაიძის ინფორმაციით, 95% იქ ქართველი დამსვენებელია, ხოლო თბილისში ძირითადად, საქმიანი ტურიზმის მიმართულებაა პოპულარული და უმეტესი ნაწილი უცხოელი სტუმარი და საერთაშორისო მოგზაურია.

„ზოგადად, მნიშვნელოვანი ზრდა ყოველ წელს და 2026 წელს დიდი იმედებით ვუყურებთ. ბათუმში გაიხსნება საქართველოში რიგით მეოთხე სასტუმრო „ამბასადორი ბათუმი“.

აღვნიშნავ იმასაც, რომ კაჭრეთში გახსნილი აკადემიის შენობა წლიდან წლამდე სულ უფრო საინტერესო და პოპულარული ხდება, განსაკუთრებით სპორტული მიმართულებით, მათ შორის, ვმასპინძლობთ საერთაშორისო ტურნირებსაც. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ 2026 წელი კიდევ უფრო კარგი იქნება“, - განაცხადა ნინო ნადიბაიძემ.