საბალეტო დასმა, რომელიც თავს უკრაინულად წარმოაჩენს, ცოტა ხნის წინ შვედეთსა და ფინეთში ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ დადგა. თუმცა, შვედური ტელევიზიის გამოძიებამ აჩვენა, რომ, სინამდვილეში, ის რუსული დასია, რომელიც თავის წარმომავლობას მალავს, რათა, ბოიკოტის პირობებში, უცხოეთის სცენებზე გამოსვლა მოახერხოს.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპულ სახელოვნებო სცენაზე უკრაინელთა მიმართ სოლიდარობა ნათლად წარმოჩინდა. ამის გამო, ბევრმა რუსული დასმა ტურნეები გააუქმა, ხოლო ბევრმა ინსტიტუციამ კავშირი გაწყვიტა რუსული ხელოვნების სამყაროსთან, რომელსაც კრემლის პროპაგანდის მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, ზოგიერთმა მოხერხებულმა დასმა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა მაინც მოახერხა.

ერთ-ერთი ასეთი შემოქმედებითი კოლექტივია, მაგალითად, „უკრაინის ბალეტი“, - დასი, რომელიც ახლახან შვედეთისა და ფინეთის რამდენიმე ქალაქში გამოდიოდა და მაყურებელს ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ წარუდგინა. მაგრამ ნიღბის ქვეშ სულ, თურმე, სხვა რეალობა იმალება - შვედეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (SVT- Sveriges Television) ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ეს დასი სინამდვილეში რუსული წარმომავლობისაა.

ყალბი მისამართი კიევში

SVT-მ გამოძიება ონლაინ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. ინტერნეტ მომხმარებელმა ტელეკომპანიას აუწყა, რომ „უკრაინის ბალეტის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში შეუსაბამობები იყო. დასის მისამართმა, რომელიც, წესით, კიევში უნდა ყოფილიყო, შვედი ჟურნალისტები სავაჭრო ცენტრამდე და ოფისებამდე მიიყვანა, სადაც საცეკვაო სტუდია საერთოდ არ არის.

კიდევ ერთი შემაშფოთებელი მინიშნება: სპექტაკლების დამდგმელი კომპანია „Touring Actors“ რუსულ IP მისამართზეა რეგისტრირებული. შვედეთში სულ 8 წარმოდგენა შედგა და, სულ მცირე, 6 სპექტაკლიდან მიღებული შემოსავალი გადაეცა შვეიცარიაში არსებულ კომპანიას, რომელიც ყოფილ რუს ბანკირს ეკუთვნის. ის რუსეთთან რაიმე კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ანსამბლში არცერთი რუსი მოცეკვავე არ არის. „უკრაინის ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მის ნათქვამს ადასტურებს და დასძენს , რომ საიტზე გამოქვეყნებულ შემსრულებელთა სია, უბრალოდ, „განახლებული არ არის“. თუმცა, SVT-მ დაადგინა, რომ ეს სახელები იმ სარეკლამო აფიშებზეც იძებნება, რომლებიც „მაკნატუნაზე“ ბილეთების გაყიდვისთვის იყო განკუთვნილი.

ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „უკრაინის ბალეტისა“ და „Touring Actors“-ის ვებსაიტები გათიშულია.

კარგად ნაცადი ხერხი

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული ბალეტი, ევროპაში ტურნეების მოწყობის შესაძლებლობის შესანარჩუნებლად, უკრაინის იდენტობას არის ამოფარებული. SVT-ის მიერ გამოაშკარავდა, რომ სხვა ორი კომპანია - ერთი მოსკოვში, მეორე კი სანქტ-პეტერბურგში - მსგავს სტრატეგიას ადრეც მიმართავდა და „უკრაინის ბალეტის“ მოცეკვავეებსა და თანამშრომლებს საგასტროლოდ იყენებდა.

ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხსენიებულ სახელებში ასევე ფიგურირებს „უკრაინის დიდი ბალეტი“ და ბალეტი „მემკვიდრეობა“. დეკემბერში ამ უკანასკნელს შვედეთში გამოსვლები აეკრძალა.

„ისინი ჩვენი უბედურებით სარგებლობენ“

კიევის ეროვნული ოპერა ამ „აღმოჩენებით“ სულაც არ არის გაკვირვებული. ის ჯერ კიდევ 2022 წელს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ასეთი თაღლითობის რისკები რეალურად არსებობს. ეროვნული ოპერის პრეს-ატაშემ, ლანა როქსმა SVT-ს განუცხადა: „ისინი ჩვენი უბედურებით სარგებლობენ. ეს ჯგუფები უკრაინის რეპუტაციას იყენებენ და, ამავდროულად, რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებასა და ომისგან სარგებლის მიღებაში ეხმარებიან“.

მისივე თქმით, ეს დასები თავს უკრაინელებად ასაღებენ, რათა შეაგროვონ ფული, რომელიც თითქოსდა უკრაინის თავდაცვისთვისაა განკუთვნილი, ამავდროულად კი რუსულ თეატრებთან თანამშრომლობენ. SVT-ის ინორმაციით, ამ დასის 14 მოცეკვავიდან 7 ამჟამად რუსეთში მოღვაწეობს.

ლანა როქსი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ მისი კოლექტივია უფლებამოსილი, უკრაინული ბალეტი საზღვარგარეთ წარმოადგინოს. ეს გადამწყვეტია ქვეყნის კულტურული იმიჯის მთლიანობის შესანარჩუნებლად.

მოსალოდნელი სამართლებრივი დევნა

თაღლითური სქემით მოტყუებული შვედეთისა და ფინეთის ხელისუფლება, ამ თაღლითური შოუების ორგანიზატორების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სამართლებრივ ქმედებებს განახორციელებს.

26 მარტს გამოქვეყნებული SVT-ის ჟურნალისტური გამოძიება ფინური მედიის დახმარებით რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებს ეყრდნობა. ის ნათელს ჰფერს გართობის ბაზრის „ნაცრისფერ ზონას“, რომელშიც უკრაინის პრესტიჟული სახელით მანიპულირება ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების მისაღწევად გამოიყენება.

წყარო: 1არხი