რუსული კომპანიები იმპორტის ანგარიშსწორების 60–70%-ს საბანკო სისტემის მიღმა, სხვადასხვა საგადახდო შუამავლის მეშვეობით ახორციელებენ. ამის შესახებ რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრ მურიჩევმა, საერთაშორისო ფორუმზე „რუსი მრეწველი“ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2024–2025 წლებში რუსული ბიზნესის ყოველთვიური ტრანსსასაზღვრო გადახდების მოცულობა 12–14 მლრდ დოლარის ეკვივალენტის ფარგლებში დასტაბილურდა, ხოლო 2025–2026 წლებში კომპანიებმა საგარეო ვაჭრობის ანგარიშსწორების ყველა ხელმისაწვდომი სქემის ფართოდ გამოყენება დაიწყეს.
მურიჩევის განცხადებით, ბიზნესს დროებით ადაპტაციაზე მეტად სისტემური გადაწყვეტილებები სჭირდება. პრიორიტეტებს შორის მან დაასახელა რუსული ბანკების კონტროლქვეშ საკუთარი საგადახდო ინფრასტრუქტურის შექმნა, ბარტერული სქემების განვითარება, საგარეო სავაჭრო ოპერაციების დაზღვევა და ციფრული ფინანსური აქტივების გამოყენების გაფართოება.