აშშ-ის ყოფილმა დამოუკიდებელმა სენატორმა ჯო მანჩინმა განაცხადა, რომ მსახიობ მეთიუ მაკკონაჰის პრეზიდენტობისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს და თუ ის თეთრ სახლში მოსვლას გადაწყვეტს, მას „1000%-ით“ დაუჭერს მხარს. NewsNation-თან ინტერვიუში მანჩინმა მსახიობს ჭკვიანი, ქარიზმატული და ქვეყნის გაერთიანების უნარის მქონე ადამიანი უწოდა.

ამის მიზეზი მაკკონაჰის მიერ 18 ოქტომბერს გამოქვეყნებული ექვსწუთიანი ვიდეო გახდა. მსახიობმა გააკრიტიკა ორპარტიული პოლიტიკური სისტემა და ამერიკელებს ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„რესპუბლიკელებსა და დემოკრატებამდე ამერიკელები იყვნენ“, — აღნიშნა მან.

მსახიობის განცხადებებს კრიტიკა მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერამ შესაძლოა ხმები ძირითადი პარტიების კანდიდატებს წაართვას. ამასთან, მაკკონაჰის ვიდეოში კონკრეტული პარტიისთვის ან კანდიდატისთვის არ დაუჭერია მხარი.