მეგობრობა მეგობრობაა, სამსახური სამსახურია, რა კავშირი აქვს მეგობრულ ურთიერთობებს სამუშაო საკითხებთან? - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვის, რომ თუ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობს, როგორ მოხდა, რომ პრობლემები წარმოიშვა რუსეთში სომხეთიდან ექსპორტთან დაკავშირებით და რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის სტატუსის საკითხი განიხილება.

„მეგობრობა მეგობრობაა, სამსახური სამსახურია, რა კავშირი აქვს მეგობრულ ურთიერთობებს სამუშაო საკითხებთან? თუ ურთიერთობები მეგობრულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ფიტოსანიტარიული სტანდარტებით დადგენილ ნორმებს უნდა გავცდეთ?“- აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ყვავილების ექსპორტზე შეზღუდვები ყოველთვის არსებობდა, რადგან „ნებისმიერი პროდუქტისთვის, რომელიც არ აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ სტანდარტებს, შეზღუდვები ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება“.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში ათობით ასეთი შემთხვევა იყო. ასევე იყო სხვა საკითხები, რომლებიც სხვა პროდუქტებს ეხებოდა. ხოლო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ჩვენ მუდმივად განვიხილავთ იმპორტირებული და ექსპორტირებული პროდუქციის წარმოშობის საკითხს. ლოგიკა ისაა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წარმოებული პროდუქტები თავისუფლად უნდა მოძრაობდეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის. ეს საკითხი მუდმივად განიხილება კავშირის ყველა ქვეყანასთან მიმართებაში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მისი თქმით, მხოლოდ სომხეთს შეუძლია განიხილოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მისი სტატუსის საკითხი, ანუ მხოლოდ სომხეთს შეუძლია გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა ეს კავშირი.

„სხვა პროცედურა არ არსებობს. ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ სხვა კითხვებსაც“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსული ბუნებრივი აირის ფასები სომხეთში ვერ გაიზრდება, რადგან არსებობს ორმხრივად სასარგებლო შეთანხმება.

„ჩვენ ადრე მივაღწიეთ მკაფიო სტრატეგიულ შეთანხმებებს [რუსული ბუნებრივი] აირის ფასებთან დაკავშირებით და ისინი უნდა შენარჩუნდეს. გაზის ფასის ზრდა შეუძლებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მოქმედი შეთანხმება და ეს შეთანხმება ორმხრივად სასარგებლოა და შეიცავს შესაბამის პირობებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსსელხოზნადზორმა“, სომხეთიდან ყვავილების იმპორტი დროებით შეზღუდა. სააგენტომ განმარტა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოებისა და ექსპორტის პოტენციალის დასაცავად მიიღეს. რუსულმა მედიამ, ეროვნული სტატისტიკური სააგენტოების მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში, სომხეთი ყვავილების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 90%-ზე მეტს დაკარგავს.

www.interpressnews.ge