რუსული სადაზღვევო კომპანიები აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში მოძრავი სატვირთო გემებისთვის სამხედრო და ტერორისტული რისკების დაზღვევას ფაქტობრივად აღარ უზრუნველყოფენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ივლისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12-18 ივლისის პერიოდში აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში უკრაინული თავდასხმებისა და "ტერაქტების" საფრთხის შესახებ სანავიგაციო გაფრთხილება გამოაქვეყნა. ამის შემდეგ რუსულმა სადაზღვევო კომპანიებმა ბაზრის მონაწილეებს აცნობეს, რომ სადაზღვევო დაფარვიდან გამოირიცხა ყველა ტერიტორია, რომელიც მოქმედი სანავიგაციო გაფრთხილებებით დროებით სახიფათო ზონად არის გამოცხადებული.

შეტყობინებების მიხედვით, თუ გემი ასეთ ზონაში იმყოფება, დაზღვევის ხელშეკრულება არ მოქმედებს.

РБК-ის ცნობით, უცხოურმა სადაზღვევო კომპანიებმა, თავის მხრივ, აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში სამხედრო რისკების დაზღვევის ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდეს.

იურიდიული კომპანია МЭФ Legal-ის სადაზღვევო პრაქტიკის ხელმძღვანელის, ივან რიბაკოვის თქმით, გემთმფლობელები მესამე პირების წინაშე საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას აზღვევენ, ხოლო სადაზღვევო კომპანიები ამ რისკებს ლონდონში, ურთიერთდაზღვევის კლუბების საერთაშორისო ჯგუფის მეშვეობით გადააზღვევენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ რეგიონში გადაზღვევა ძალიან ძვირი გახდა.

რიბაკოვის განცხადებით, შავი და აზოვის ზღვების აკვატორია კვლავ რჩება ლონდონის სადაზღვევო ბაზრის გაერთიანებული სამხედრო კომიტეტის მიერ განსაზღვრულ მაღალი რისკის ზონების სიაში.

საკონსულტაციო ბიურო "დოქტორ პრავა კოლესნიკოვ ი პარტნიორის" გენერალური დირექტორის, ბორის ბორისოვის თქმით, ლონდონის Lloyd's-მა აზოვის ზღვა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციალურად შეიტანა ე.წ. Listed Areas-ის სიაში, რაც ნიშნავს, რომ ამ წყლებში შესვლისთანავე სტანდარტული სადაზღვევო პოლისი უპილოტო საფრენი აპარატებით გამოწვეულ ზიანს აღარ ფარავს.

ბოლო თვეებში შავ ზღვაში უკრაინული თავდასხმები რუსულ გემებზე გახშირდა. 1 აგვისტოს ღამით უკრაინულმა საზღვაო დრონებმა კომპანია Fesco-ს კონტეინერმზიდ "იანინაზე" მიიტანეს იერიში. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდლობა რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას რუსული გემების დაზიანების შესახებ და მათ კანონიერ სამხედრო სამიზნეებად მიიჩნევს.

რუსეთი, თავის მხრივ, განაგრძობს ოდესის პორტის ინფრასტრუქტურისა და უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მყოფი გემების დაბომბვას.

4 აგვისტოს თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.