აშშ-მ რუსეთის სამხედრო სტრუქტურების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციები მიღებულია „ირანის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ“ კანონის დარღვევის გამო და ძალაში 24 ივლისს შევიდა. შესაბამისი შეტყობინება დღეს აშშ-ის ფედერალური რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქციები რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებს შეეხო. შავ სიაში მოხვდა რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს არაერთი სტრუქტურა, მათ შორის: რუსეთის სახმელეთო ჯარები, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველო; თავდაცვის სამინისტროს კვლევებისა და სპეციალური პროექტების სამმართველო და ა.შ.
სანქციები ასევე დაუწესდა კომპანიებს „გიდეონ ალფას“ და „ინტერნეშნლ ინვესტ კომპანის“. შეზღუდვები ვრცელდება ამ ორგანიზაციების სამართალმემკვიდრეებზე, ქვედანაყოფებსა და შვილობილ კომპანიებზეც.სანქცირებულ პირთა შორის არიან რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც.
მათ შორის არიან მალაიზიის, ჩრდილოეთ კორეის, ტაივანის, სირიისა და ირანის მოქალაქეები.
ახალი სანქციები აშშ-ის სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებებს უკრძალავსსანქცირებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ნებისმიერი საქონლის, ტექნოლოგიისა და მომსახურების შესყიდვა ან შესაბამისი კონტრაქტების გაფორმება. ასევე აკრძალულია მათთვის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერის გაწევა, სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვა და საექსპორტო ლიცენზიების გაცემა.
ცნობისთვის, „ირანის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონი“ ითვალისწინებს სანქციების დაწესებას უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც ირანს, სირიას ან ჩრდილოეთ კორეას გადასცემენ, ან მათგან იღებენ საქონელს, მომსახურებასა თუ ტექნოლოგიებს, რომლებიც ექვემდებარება საერთაშორისო შეთანხმებებს შეიარაღების კონტროლის სფეროში ან შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მასობრივი განადგურების იარაღის, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების შექმნაში.