30 იანვარს რუსეთის საგარეო სამინისტრომ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო "პოტენციური უარყოფითი შედეგების" შესახებ გააფრთხილა.

"რუსეთი პატივს სცემს სხვა სახელმწიფოების სუვერენულ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ ინტეგრაციის ასოციაციებში და, განსაკუთრებით, მათ სურვილს, მოიპოვონ დამატებითი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარებისთვის და შეძლონ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციისკენ ბრიუსელის სტრატეგიული კურსისა და ევროკავშირის აგრესიულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად გარდაქმნის ფონზე, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მხრივ სომხეთის ინტერესი მხოლოდ შეშფოთებას იწვევს." - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადისლავ მასლენიკოვმა სამთავრობო TASS-თან საუბრისას.

"იმედი გვაქვს, რომ სომხეთს, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრს, ესმის ბრიუსელთან სწრაფი დაახლოების პოტენციური უარყოფითი შედეგები, როგორც ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობებისთვის, ასევე პოსტ-საბჭოთა სივრცის შიდა პროცესების განვითარებისთვის." - დაამატა მან.

მანამდე, 20 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "ევროკავშირის წევრობისკენ სვლა არ შეიძლება შერწყმული იყოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებასთან."

tabula.ge