რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სასამართლომ უარი თქვა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებული კომპანია „Кока-кола Компани“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომელიც ამერიკული The Coca-Cola Company-ის ოთხი სასაქონლო ნიშნისთვის რუსეთში სამართლებრივი დაცვის გაუქმებას ითხოვდა. ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.

საქმის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ როსპატენტს მიმართა მოთხოვნით, დაერეგისტრირებინა Coca-Cola-ს სახელწოდებისა და წითელ-თეთრი დიზაინის მქონე სასაქონლო ნიშანი. საპატენტო უწყებამ განაცხადი არ დააკმაყოფილა, რადგან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ნიშანი უკვე არსებულ Coca-Cola-ს ბრენდებთან იმდენად იყო მსგავსი, რომ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის საფრთხეს ქმნიდა.

უარის მიღების შემდეგ კომპანიამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ამერიკული The Coca-Cola Company-ის ოთხი სასაქონლო ნიშნის დაცვის გაუქმება. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ბრენდები რუსულ ბაზარზე აღარ გამოიყენებოდა და ამიტომ მათი სამართლებრივი დაცვა უნდა შეწყვეტილიყო.

დავის საგანი გახდა Coca-Cola-ს რამდენიმე სასაქონლო ნიშანი, მათ შორის როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი ვერსიები. ერთ-ერთი მათგანი საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1927 წელს იყო რეგისტრირებული, ხოლო მეორე 1996 წლიდან რუსეთში „საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის“ სტატუსით სარგებლობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, პარალელურად თავად ამერიკულმა The Coca-Cola Company-მაც შეიტანა სარჩელი მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში. კომპანია ითხოვს, რუსეთში აიკრძალოს სახელწოდების „Кока-кола Компани“ გამოყენება, რადგან მიიჩნევს, რომ ის მის ბრენდთან ასოცირების საფუძველს ქმნის.

„Кока-кола Компани“ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2025 წელს მოექცა. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებული კომპანია რუსულ სავაჭრო ქსელებს Coca-Cola-ს სახელით სასმელს აწვდიდა, რომლის შეფუთვაც ვიზუალურად თითქმის სრულად იმეორებდა ორიგინალური ამერიკული პროდუქტის დიზაინს.

შეგახსენებთ, რომ The Coca-Cola Company-მ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში Coca-Cola-ს, Sprite-ისა და Fanta-ს გაყიდვები შეაჩერა. მოგვიანებით ამ ბრენდების ადგილას ბაზარზე ადგილობრივი ალტერნატიული პროდუქტები გამოჩნდა.