აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რამდენიმე უცხოელი კოლეგისთვის განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში ირანზე ახალ დარტყმებს არ გეგმავს, თუმცა თეირანზე ზეწოლის სხვა მეთოდების გამოყენებას გააგრძელებს.
ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ საზღვაო ბლოკადა ირანზე სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს, მაშინ როცა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტის მოცულობა იზრდება.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, რუბიომ მოკავშირეებს განუმარტა, რომ აშშ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს აღარ დაიწყებს. თუმცა ირანის მხრიდან სამხედრო მოქმედების შემთხვევაში, ამერიკული დარტყმების შესაძლებლობა კვლავ არსებობს.
ამასთან, აშშ-ის პოლიტიკა ირანის მიმართ ამ ეტაპზე სამი მიმართულებით გაგრძელდება: სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება სანქციებითა და საზღვაო ბლოკადით და ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდა.
ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკა შესაძლოა შუალედური არჩევნების დასრულებამდე შენარჩუნდეს. ამის შემდეგ კი ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო კამპანიის დაწყების საკითხი ხელახლა განიხილოს.
ცნობისთვის, 17 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, „თეთრი დროშა“ აღმართოს და შეერთებულ შტატებთან კონფლიქტი შეწყვიტოს. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტის საკუთარ ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავდა მას შემდეგ, რაც ირანის „განადგურებას დაასრულებდა“.
ირანის ხელისუფლებამ ტრამპის განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელში ჩაგდება „ტვიტით, ავიაზიდით, განკარგულებით ან წინასაარჩევნო გამოსვლით“ შეუძლებელია.