რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექცია მაღალი რისკის ჯგუფებს გასცდა და მოსახლეობის ფართო წრეებში ვრცელდება – ასეთია ეპიდემიოლოგების შეფასება. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსპოტრებნადზორი) ცენტრალური ეპიდემიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, აღნიშნულ რეგიონებში ინფექცია ორსულთა 1%-ზე მეტს დაუდგინდა. სპეციალისტები ამ მაჩვენებელს აივ-ის გენერალიზებული გავრცელების ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევენ.

ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებშია. გენერალიზებული ეპიდემიის ცნება გულისხმობს ეტაპს, როდესაც ვირუსი მხოლოდ ტრადიციულად მაღალი რისკის ჯგუფებში აღარ ცირკულირებს და მოსახლეობის ფართო ფენებშიც ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს რუსეთში აივ ინფექციის დაახლოებით 45 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით ნაკლებია, სხვა მაჩვენებლები პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებებში აივ-ისა და ვირუსული ჰეპატიტების გადაცემის შემთხვევებმა ბოლო 15 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

2025 წელს სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირების რვა კერა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 104 პაციენტი დაინფიცირდა. სპეციალისტების განმარტებით, შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი C ჰეპატიტის გავრცელებასა და აივ-ისა და ჰეპატიტის შერეულ ინფექციებს უკავშირდება. ეპიდემიოლოგები პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევას ასახელებენ.