დიახ, დღეს ჩვენი გამოწვევაა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით 75-80% ორ ბანკს უჭირავს - პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს! რაც უფრო მაღალი და ჯანსაღია კონკურენცია, ჩვენი მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს, - ეს განცხადება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით წარადგინა.

ბერეკაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას დაასახელა ინდოეთი და განმარტა, რომ ინდოეთი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად არ ითვლება, არის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა, თუმცა ინდური ბანკები ძალიან სტაბილური ბანკები არიან და მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვთ. ბერეკაშვილის თქმით, მათი სურვილია, რომ საქართველოში ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს.

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ისეთი პირობები შეიქმნას, რაც დაფუძნებული იქნება სამ გარემოებაზე - ეს არის გამჭვირვალობა, მომხმარებელთა ინფორმირებულობა და მაქსიმალურად კონკურენტული გარემოს შექმნა. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი სწორედ ამ სამ საფუძველს ეფუძნება. მიგვაჩნია, რომ გამჭვირვალობით და კონკურენტულობის გაზრდით შევძლებთ იმას, რომ საფინანსო სისტემაში უფრო მეტი მოთამაშე იყოს.

აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე შევძლებთ, რომ საფინანსო სექტორში უფრო მეტი ბანკი იქნება - როგორც სისტემური ბანკები, ასევე მიკრობანკები“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მიღება იგეგმება, რომლის საფუძველზე უცხოური ბანკების საქართველოში შემოსვლა მარტივდება. ცვლილებები ასევე ეხება საბანკო ლიცენზირების პროცედურებს და ბანკების მიერ უძრავი ქონების გამოყენების შეზღუდვას. 

Ipn.ge