Nvidia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის მიერ ცოლისადმი ღალატის აღიარებამ მილიარდერის შესაძლო განქორწინების შესახებ სპეკულაციები გამოიწვია. თუ ჰუანგი და მისი მეუღლე, ლორი ჰუანგი, მართლაც დაშორდებიან, კალიფორნიის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ლორის შესაძლოა მილიარდერის ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, პოტენციურად კი მისი ნახევარი ეკუთვნოდეს.
Forbes-ის შეფასებით, ჯენსენ ჰუანგის ქონება ამ დროისთვის 155.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. Nvidia-ს აქციების ფასის კლების გამო, მილიარდერმა ორშაბათს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში პოზიციაც დროებით დაკარგა. თუმცა ამჟამად ის რეალურ დროში განახლებად სიაში მე-10 ადგილს იკავებს.
ჰუანგმა ცოლისადმი ღალატი თანამშრომლებისთვის კვირას გაგზავნილ განცხადებაში აღიარა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nvidia-ს ხელმძღვანელს ჩინეთის მოქალაქე ალის ჰუანგთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ჩინეთის მთავრობის შესაძლო აგენტად განიხილება. ჰუანგმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისმა საქციელმა მეუღლესა და შვილებს ტკივილი მიაყენა და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.
ჯენსენ და ლორი ჰუანგები ერთმანეთს ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შეხვდნენ და 1980-იანი წლების შუა პერიოდში დაქორწინდნენ – Nvidia-ს დაფუძნებამდე. ჰუანგს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი მეუღლე კომპანიის განვითარების პროცესში თავიდანვე მონაწილეობდა.
Nvidia-ს 2026 წლის დოკუმენტაციის (proxy statement) თანახმად, ჯენსენ ჰუანგის სახელზე არსებული აქციების უმეტესი ნაწილი განთავსებულია ტრასტებში, რომელთა თანამმართველიც ორივე მეუღლეა. შესაბამისად, მიიჩნევა, რომ მათ ამ ქონებაზე „საერთო სარგებლის მიღების უფლება“ (beneficial interest) გააჩნიათ.
ჰუანგების ქონების შესაძლო გაყოფის საკითხში მნიშვნელოვანი გარემოება კალიფორნიის კანონმდებლობაა, რომლის თანახმად, ქორწინების პერიოდში შეძენილი აქტივები, როგორც წესი, მეუღლეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამ კატეგორიაში შეიძლება მოხვდეს Nvidia-ს აქციებიც და კომპანიისგან მიღებული შემოსავალიც, თუ ისინი რომელიმე მეუღლის ცალკე საკუთრებად არ არის განსაზღვრული.
ამ პრინციპის გათვალისწინებით, განქორწინების შემთხვევაში ლორი ჰუანგს შესაძლოა ჯენსენის ქონების ნახევარზე ჰქონდეს პრეტენზია, რაც არსებული შეფასებით დაახლოებით 77.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა საბოლოო თანხა დამოკიდებული იქნება მეუღლეებს შორის გაფორმებულ შესაძლო საქორწინო ან ქორწინების შემდგომ შეთანხმებებზე, აქტივების საკუთრების ფორმასა და იმაზე, რომელი ქონება ჩაითვლება ინდივიდუალურ საკუთრებად.
ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა ჰუანგებს ქორწინებამდე ან მის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ქონების განაწილების განსხვავებულ პირობებს განსაზღვრავდა. ამასთან, ლორი ჰუანგს ქმრის განცხადებაზე საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია და არც მათი ქორწინების მომავალთან დაკავშირებით დაუფიქსირებია პოზიცია.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ჯენსენ ჰუანგმა ცოტა ხნის წინ კოლეგებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მეუღლე მისთვის ყველაფერს აკეთებდა, მათ შორის, დოკუმენტებს აწერდა ხელს და ფინანსებს მართავდა. ჰუანგმა ხუმრობით ისიც თქვა, რომ საკუთარი მისამართი არ იცოდა და გადასახადებს თავად არ იხდიდა.
ჰუანგი Nvidia-ს უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერია და კომპანიის დაახლოებით 3.5%-ზე მეტ წილს ფლობს. შესაბამისად, აქციების ღირებულება განქორწინების შემთხვევაში ქონების შესაძლო განაწილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.
თუ ლორი ჰუანგი მეუღლის ქონების ნახევარს მიიღებს, ეს თანხა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს სხვა ცნობილი მილიარდერების განქორწინების შედეგად მიღებულ ქონებას. მაგალითად, ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შემდეგ მაკენზი სკოტმა Amazon-ის აქციების პაკეტი მიიღო, რომლის ღირებულება იმ დროისთვის დაახლოებით 36 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
გარდა ამისა, ბილ გეიტსთან 2021 წელს განქორწინების შემდეგ, მელინდა ფრენჩ-გეიტსმა მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივები მიიღო. მათ შორის, ბილ გეიტსმა მისი პირადი საქველმოქმედო საქმიანობისთვის მინიმუმ 12.5 მილიარდი დოლარის გადაცემის პირობა დადო, ხოლო განქორწინების შემდგომ წლებში მას მილიარდობით დოლარის ღირებულების აქციებიც გადასცა.