რუსეთი საკომუნიკაციო ქსელ „ტელეგრამის“ თანადამფუძნებლის, პაველ დუროვის საქმეს იძიებს. რუსულმა სახელმწიფო გამოცემა „როსიისკაია გაზეტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოსკოვი დუროვს „ტერორიზმის ხელშეწყობაში“ ეჭვმიტანილად მიიჩნევს. რუსეთში „ტელეგრამი“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც საჯარო, ისე კერძო კომუნიკაციებში და მას მთავრობაც იყენებს. რუსეთის ხელისუფლებამ მასზე შეზღუდვები ადრეც დააწესა, რადგან აღნიშნულმა პლატფორმამ ექსტრემისტული კონტენტი არ წაშალა, ასევე აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვა გადაწყვიტა.

რუსეთში „ექსტრემიზმისა“ და „ტერორიზმის“ განმარტება საკმაოდ ფართოა და ის ხშირად ოპოზიციასთან საბრძოლველად და რეჟიმისთვის მიუღებელი შეხედულებების ჩასახშობად გამოიყენება.

მაგალითად, ხელისუფლება ლგბტ+ მოძრაობებსა და ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებულ კორუფციასთან ბრძოლის ფონდს ექსტრემისტულად მიიჩნევს. ასევე „ექსტრემიზმად“ ან „ტერორიზმად“ მიიჩნევა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის კრიტიკაც.

ორი კვირის წინათ, რუსეთის სასამართლოებმა ონლაინ პლატფორმა „ტელეგრამის“ ოპერატორს ორი ჯარიმა დააკისრეს, რომელთა საერთო ოდენობამ თითქმის თერთმეტი მილიონი რუბლი შეადგინა.

განაჩენების თანახმად, „ტელეგრამმა“ უარი თქვა რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის წაშლაზე, იძლეოდა ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის უკანონო გაყიდვისა და პერსონალური მონაცემების უნებართვო გამოყენების საშუალებას, ასევე არ წაშალა კონტენტი, რომელიც სასამართლომ ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდებად მიიჩნია.

რუსეთის მედიისა და ინტერნეტის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ „ტელეგრამზე“ წვდომის შეზღუდვის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება. უწყების მტკიცებით, ეს საკომუნიკაციო პლატფორმა რუსეთის კანონებს არღვევს.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთმა მედიასა და უცხოურ ინტერნეტსერვისებზე ზეწოლა გააძლიერა. მას უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან დავები აქვს კონტენტის, ცენზურის ან ადგილობრივი წარმომადგენლობის საკითხებზე. გასულ წელს, რუსეთის მთავრობამ გამოუშვა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი აპლიკაცია, სახელწოდებით MAX, რომელიც კრიტიკოსების თქმით, შესაძლოა მომხმარებელთა თვალთვალისთვის იქნას გამოყენებული.

1tv.ge