უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე რუსეთი გეგმავს, რომ მომავალ წელს თავდაცვის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდე გაზარდოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

რუსეთის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2021 წლის 2,7%-ის და 2023 წლის 3,9%-ის შემდეგ რუსეთი 2024 წელს თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 6%-მდე ზრდის.

დოკუმენტის პროექტის მიხედვით, რომელსაც რუსეთის მთავრობა პარასკევს განიხილავს, თავდაცვის ხარჯები 2024 წელს წლევანდელი 6,4 ტრილიონი რუბლიდან (66 მილიარდი დოლარი) 10,8 ტრილიონ რუბლამდე (112 მილიარდი დოლარი) გაიზრდება

დაგეგმილი თავდაცვის ბიუჯეტი სამჯერ იქნება გაზრდილი 2021 წელთან შედარებით.. უკრაინაში შეჭრამდე თავდაცვის ხარჯები 3,6 ტრილიონი რუბლი (37,4 მილიარდი დოლარი) იყო, მომავალ წელს 10 ტრილიონს გადააჭარბებს.

თუ რუსეთის ბიუჯეტი ამ სახით მიიღება, მომავალ წელს რუსეთის ფედერაციაში თავდაცვის ხარჯები სოციალურ ხარჯებს გადააჭარბებს, მაშინაც როცა კრემლი 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და როცა ქვეყნის ეკონომიკა უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების ზეწოლის ქვეშაა.