ევროკავშირმა უკრაინას ნება დართო, 90 მილიარდი ევროს კრედიტის ნაწილი ამერიკული „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამანადგურებელი რაკეტების შესაძენად გამოიყენოს. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია კიევისთვის გაკეთებულ გამონაკლისზე, რომელიც პეტრიოტის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების შეძენას ითვალისწინებს.
ეს გადაწყვეტილება უკრაინას საშუალებას მისცემს, 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის მორიგი საკრედიტო ტრანში გამოიყენოს, რათა, ფონ დერ ლაიენის თქმით, „გააძლიეროს თავისი საჰაერო სივრცის დაცვა რუსეთის დარტყმებისგან“.
დღესვე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია ბუნდესვერის მარაგებიდან უკრაინას დამატებით გადასცემს „პეტრიოტის“ რაკეტებს. საუბარია PAC-2 ტიპის ჩამჭრელ რაკეტებზე.
უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ ბერლინი გაზრდის უკრაინაში „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტების მიწოდებას და გააგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატებისა და შორი მოქმედების საბრძოლო მასალის გაგზავნასაც.
მანამდე დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვისთვის 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით დამატებითი დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. ეს პაკეტი მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მომავალ ზამთრის პერიოდში რუსული თავდასხმების ფონზე და მათ შორის მოიცავს რაკეტებს ამერიკული „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ კიევისთვის გამოყოფილი 90 მილიარდიანი კრედიტის პირობები ითვალისწინებს, რომ ეს სახსრები ძირითადად ევროპული წარმოების შეიარაღების შესყიდვაზე უნდა დაიხარჯოს.