OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა, დაადასტურა, რომ კომპანია მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარებით არ შემოიფარგლება და ის ჰუმანოიდი რობოტების შექმნაზეც მუშაობს.

„ორივეს“, – უპასუხა ალტმანმა Sources-ის პოდკასტში დასმულ კითხვას, აპირებს თუ არა OpenAI ჰუმანოიდი რობოტის შექმნას, თუ მისი რობოტიკის მიმართულება უფრო მონაცემთა ცენტრებსა და სხვა სპეციალიზებულ მოწყობილობებზე იქნება ორიენტირებული. „ჩვენ აუცილებლად შევქმნით ჰუმანოიდს. ასევე შევქმნით სხვა ფორმის რობოტებსაც“, – თქვა OpenAI-ის CEO-მ.

ალტმანის შეფასებით, თუმცა რობოტის ფიზიკური სხეულის შექმნა მნიშვნელოვანი ამოცანაა, გაცილებით რთული საკითხი მისი „ტვინის“ – ისეთი ხელოვნური ინტელექტის სისტემის – შექმნაა, რომელიც რობოტს რეალურ სამყაროში ეფექტიანად მოქმედების საშუალებას მისცემს.

„ვფიქრობ, ამ ყველაფერზე ნაკლებად მნიშვნელოვანია იმის რეალურად გარკვევა, თუ როგორ შევქმნათ ტვინი, რომელიც რობოტს ამუშავებს“, – აღნიშნა მან.

რატომ ჰუმანოიდი?

ალტმანის არგუმენტი ჰუმანოიდი რობოტის შექმნის სასარგებლოდ საკმაოდ პრაქტიკულია: თანამედროვე სამყარო ადამიანებისთვისაა შექმნილი.

„სამყარო დიდწილად ადამიანებისთვისაა შექმნილი“, – თქვა მან და მაგალითად მოიყვანა კარის გაღება, კომპიუტერზე მუშაობა, სხვადასხვა მოწყობილობის მართვა და სამზარეულოს დალაგება.

მისი აზრით, თუ რობოტებს ადამიანების გარემოში მუშაობა მოუწევთ, მათი ადამიანთან მიახლოებული ფორმა გარკვეულ უპირატესობას მისცემს.

ამ მიდგომას ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტექნოლოგიური შედეგიც აქვს: OpenAI მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის „ტვინის“ მიმწოდებელი აღარ იქნება. კომპანია თავად იწყებს იმ ფიზიკური სისტემების შექმნასაც, რომლებშიც ამ ინტელექტმა უნდა იმუშაოს.

ეს რობოტიკის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

მთავარი გამოწვევა შესაძლოა რობოტის სხეული კი არა, „ტვინი“ იყოს

ჰუმანოიდი რობოტების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს არა მხოლოდ მექანიკური სისტემების შექმნა, არამედ ისეთი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა, რომელსაც ფიზიკურ სამყაროში დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია.

Toyota Research Institute-ის ხელმძღვანელისა და DARPA-ს Robotics Challenge-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გილ პრატის, შეფასებით, რობოტიკის სფერომ უკვე გარკვეულწილად გადაჭრა „ტვინის“ სწრაფი, რეფლექსური ნაწილის პრობლემა, თუმცა გაცილებით რთულია მსჯელობისა და სამყაროს მოდელის შექმნა, რომელიც რობოტს ახალ სიტუაციებთან გამკლავების საშუალებას მისცემს.

ამ მიმართულებით სხვადასხვა კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს.

Skild AI-მ იანვარში $1.4 მილიარდი მოიზიდა და მისმა შეფასებამ $14 მილიარდს გადააჭარბა. კომპანიის მიზანია შექმნას ხელოვნური ინტელექტის უნივერსალური სისტემა, რომელსაც სხვადასხვა ტიპის რობოტის მართვა შეეძლება, მათ შორის ისეთი რობოტებისაც, რომლებზეც სისტემა მანამდე არ ყოფილა გაწვრთნილი.

მსგავს მიდგომას ავითარებს Physical Intelligence-იც საკუთარი π0.7 სისტემით. Google-ის DeepMind-მა კი Gemini Robotics 2 წარადგინა, რომელიც Apptronik-ის, Boston Dynamics-ისა და Franka-ს ტექნიკაზე მუშაობს.

Nvidia-მ მაისში ჰუმანოიდი რობოტისთვის ღია საცნობარო დიზაინი გამოაქვეყნა, რომელიც ჩინური Unitree-ის შასიზეა დაფუძნებული.

თუმცა ამ კომპანიების უმეტესობა თავად რობოტებს არ აწარმოებს. ისინი ქმნიან „ტვინს“, ხოლო ფიზიკურ მოწყობილობას – სხვა კომპანიები.

ამ მხრივ OpenAI-ის მიდგომა განსხვავებულია.

OpenAI მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება

თუ მთავარი პრობლემა რობოტის „ტვინია“, ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი გზა უკვე არსებული რობოტის შასის გამოყენება და მასზე საკუთარი AI-სისტემის დანერგვა იქნებოდა.

OpenAI-ის ვაკანსიები კი მიუთითებს, რომ კომპანია გაცილებით უფრო ღრმა ჩართულობას გეგმავს.

კომპანიის კარიერული შესაძლებლობების გვერდზე ამჟამად რობოტიკის მიმართულებით 19 ვაკანსიაა გამოქვეყნებული, მაშინ როდესაც მაისის ბოლოს, როდესაც OpenAI-ის რობოტიკის მიმართულება ოფიციალურად გააქტიურდა, ასეთი პოზიციების რაოდენობა 11 იყო.

ვაკანსიების ნაწილი პირდაპირ აქტუატორების – რობოტის მოძრაობის უზრუნველმყოფი ელექტრომექანიკური სისტემების – განვითარებას ეხება. კომპანია სპეციალისტებს აქტუატორების დიზაინის, ელექტრომაგნიტური სისტემების, გადაცემათა მექანიზმებისა და სატესტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ეძებს.

ერთ-ერთ პოზიციაზე OpenAI ეძებს ინჟინერს, რომელიც კომპანიის ახალი ელექტრომექანიკური აქტუატორების სრულ ციკლზე იქნება პასუხისმგებელი – ძრავებიდან და გადაცემათა სისტემებიდან დაწყებული, სენსორებითა და თერმული არქიტექტურით დასრულებული.

ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან აქტუატორები ჰუმანოიდი რობოტების ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და ტექნიკურად რთული კომპონენტია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, OpenAI უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის სისტემას არ ქმნის და მის რობოტების მწარმოებლებზე ლიცენზირებას არ გეგმავს. კომპანია ნელ-ნელა ავითარებს იმ ტექნოლოგიურ და საინჟინრო ბაზასაც, რომელიც საკუთარი რობოტების წარმოებისთვის იქნება საჭირო.

რატომ სჭირდება OpenAI-ის საკუთარი რობოტი?

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა მონაცემები იყოს.

OpenAI-ს რობოტიკის პროექტი 2021 წელს ჰქონდა, თუმცა კომპანია მას შემდეგ ამ მიმართულებიდან გავიდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკმარისი მონაცემების მოპოვება იყო.

ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მხოლოდ ინტერნეტიდან მიღებული ტექსტი, ფოტოები და ვიდეოები საკმარისი არ არის. რობოტმა უნდა „ისწავლოს“ რეალურ სამყაროსთან ურთიერთქმედება — როგორ აიღოს ობიექტი, რამდენად ძლიერად მოუჭიროს ხელი, რა მოხდება თუ ნივთი მოძრაობას დაიწყებს, როგორ გამოასწოროს შეცდომა და როგორ იმოქმედოს სრულიად ახალ სიტუაციაში.

საკუთარი რობოტების შექმნა და მათი რეალურ გარემოში მუშაობა სწორედ ასეთი მონაცემების მიღების ყველაზე პირდაპირ გზად შეიძლება იქცეს.

ამიტომ ჰუმანოიდი რობოტი OpenAI-სთვის შესაძლოა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი არ იყოს. ის შეიძლება გახდეს მონაცემების შეგროვების, ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებისა და ახალი მოდელების გაწვრთნის პლატფორმაც.

ამ მიდგომას იზიარებენ სხვა კომპანიებიც. Figure AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრეტ ადკოკმა OpenAI-სთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რეალურ სამყაროში მასშტაბური ფიზიკური AI-ის შესაქმნელად კომპანიას რობოტის ხელოვნური ინტელექტის ვერტიკალურად ინტეგრირება სჭირდებოდა.

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული რობოტის შექმნა?

მიუხედავად იმისა, რომ ალტმანი რობოტის „ტვინს“ ყველაზე რთულ ნაწილად მიიჩნევს, ინდუსტრიის გამოცდილება აჩვენებს, რომ თავად ფიზიკური მოწყობილობის მასშტაბური წარმოებაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა.

ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი Tesla-ს Optimus-ია.

Tesla-მ ჰუმანოიდი რობოტის წარმოება Fremont-ის ქარხანაში აგვისტოში დაიწყო, თუმცა მომხმარებლებისთვის რობოტების მიწოდება ჯერ არ დაწყებულა. ილონ მასკმა თავადაც აღიარა, რომ Optimus-ის წარმოების მასშტაბირება კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა.

პრობლემა მხოლოდ რობოტის აწყობა არ არის. მისი თითქმის ყველა ძირითადი კომპონენტი – მათ შორის აქტუატორები, სენსორები და სხვა ზუსტი მექანიკური სისტემები – ახალი ტიპის მიწოდების ჯაჭვს მოითხოვს.

McKinsey-ის მონაცემებით, აქტუატორები ჰუმანოიდი რობოტის კომპონენტების ღირებულების დაახლოებით 40-60%-ს შეიძლება შეადგენდეს.

აქედან გამომდინარე, ჰუმანოიდი რობოტის შექმნა არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის, არამედ მექანიკის, ელექტრონიკის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ერთდროულად მართვას მოითხოვს.

რა ვიცით OpenAI-ის პროექტის ვადებზე?

ამ ეტაპზე OpenAI-ის ჰუმანოიდი რობოტის შესახებ ბევრი რამ უცნობია.

კომპანიას არ დაუსახელებია მისი გამოშვების კონკრეტული თარიღი, წარმოების სამიზნე მოცულობა ან საწარმოო მიმართულებით პარტნიორი. ასევე უცნობია, როგორ გამოიყურება პროექტის პროტოტიპი.

ალტმანმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ OpenAI ჰუმანოიდ რობოტს „აუცილებლად“ შექმნის.

ამიტომ პროექტის მიმართ გარკვეული სკეპტიციზმის საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა თავად OpenAI-ის გადაწყვეტილება ინდუსტრიისთვის უკვე მნიშვნელოვანი სიგნალია.

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად ძლიერი კომპანია ახლა არა მხოლოდ ციფრულ, არამედ ფიზიკურ სამყაროშიც ცდილობს თავის დამკვიდრებას.

რობოტიკის ბაზარი სწრაფად იზრდება

OpenAI ამ მიმართულებით შესვლას იმ დროს გეგმავს, როდესაც ჰუმანოიდი რობოტების ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება.

2026 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოში დაახლოებით 19,100 ჰუმანოიდი რობოტის მიწოდება მოხდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 272%-იანი ზრდაა. ამ რაოდენობიდან 97%-ზე მეტი ჩინურ კომპანიებზე მოდის.

ამავე დროს, ამერიკელი და ევროპელი მწარმოებლები დროდადრო უფრო დახვეწილ და განვითარებულ მოდელებს წარადგენენ.

შესაბამისად, OpenAI რობოტიკის სფეროში შესვლას ისეთ ეტაპზე იწყებს, როდესაც ბაზარი უკვე აღარ ელოდება ერთ კონკრეტულ კომპანიას, რომელიც „რობოტის ტვინს“ შექმნის.

პირიქით, კომპანიები უკვე ქმნიან საკუთარ რობოტებს, აგროვებენ რეალურ მონაცემებს და ცდილობენ, ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში მუშაობისთვის მოამზადონ.

OpenAI-ისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იქნება: შეძლებს თუ არა კომპანია ერთდროულად შექმნას როგორც საკმარისად ჭკვიანი „ტვინი“, ისე მისი რეალურ სამყაროში ეფექტიანად მოქმედი „სხეული“.

წყარო: forbes.ge