რუსეთი მზად არის, დნესტრისპირეთისთვის ბუნებრივი აირი შეისყიდოს, თუმცა მოლდოვის ხელშეწყობაა საჭირო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომლებიც დაინტერესდნენ, გეგმავს თუ არა მოსკოვი დნესტრისპირეთისთვის ევროპულ ბაზარზე გაზის შესყიდვას.

დიმიტრი პესკოვის თქმით, „ლოგისტიკურად აქ უნდა განხორციელდეს ქმედებები, რომლებიც მოლდოვის მხრიდან გაზის მიწოდებას და კონტრაქტირებას უზრუნველყოფს“.

„მზადყოფნის შესახებ ჯერჯერობით არაფერი გვსმენია“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.

მანამდე გაზეთმა „კომერსანტმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ, გეგმის თანახმად, დნესტრისპირეთი ბუნებრივ აირს შუამავალი კომპანიის მეშვეობით ევროპულ ბაზარზე შესყიდვის გზით მიიღებს, ხარჯები კი რუსეთის ბიუჯეტიდან დაიფარება.

ამ სქემით იგეგმება გაზის შესყიდვა იანვრიდან აპრილამდე, დღეში სამ მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობით. „კომერსანტის“ შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში გაზის შესყიდვა შეიძლება რუსეთს 164 მილიონი დოლარი დაუჯდეს.

გამოცემის წყაროების თქმით, „ტირასპოლტრანსგაზს“ ბუნებრივ აირს, სავარაუდოდ, არა „მოლდოვაგაზი“, არამედ კომპანია Natural Gaz D.C მიაწვდის.

გამოცემა NewsMaker-ს Natural Gaz D.C-ს თანამფლობელმა, არკადი ვიკოლმა აცნობა, რომ მისმა კომპანიამ „ტირასპოლტრანსგაზთან“ ჩარჩოხელშეკრულება გააფორმა დნესტრისპირეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, დღეში 2-3 მილიონი კუბური მეტრის მოცულობით.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა არკადი ვიკოლი დაკითხეს კომპანიის გეგმებთან დაკავშირებით. კომპანია „მოლდოვაგაზში“ თავის მხრივ განაცხადეს, რომ, „მოლდოვაგაზის“ გარდა« სხვა ვერავინ შეძლებს გაზის მიწოდებას დნესტრისპირეთის რეგიონისთვის.

ამავე დროს, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ კიშინეუ არ აპირებს, ხელი შეუშალოს დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ რეგიონის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანას. დნესტრისპირეთის ხელმძღვანელმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი გაზის მიწოდებას ჰუმანიტარული დახმარების სახით უზრუნველყოფს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი