„ბილდის“ ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა.

გერმანული გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა.

როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე.

გერმანული მედიის ცნობით, მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო. ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.

ცნობისთვის, გასულ კვირას „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი არჩევნებამდე უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას ითხოვდნენ, მაგრამ შოლცმა ეს წინადადება დაბლოკა.

თავად შოლცმა განმარტა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის წინააღმდეგია, თუ ეს ბიუჯეტის სხვა პუნქტების შემცირებას მოითხოვს.

წყარო: 1 არხი