ევროკავშირში მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. მაგნუს ბრუნერი, ევროკავშირის კომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთის დედაქალაქში, სადაც მიგრაციის ერთობლივ პოლიტიკასა და მისი განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიგრანტებისთვის საბერძნეთი ევროკავშირში მოსახვედრად ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის აუცილებლობაზე საუბრობს საბერძნეთის პრემიერი კირიაკოს მიცოტაკისიც.

ევროკავშირის კომისარი აცხადებს, რომ დეპორტაციის საკითხი პრიორიტეტი იქნება გაერთიანებისთვის. როგორც ცნობილია, საბერძნეთში ყოველწლიურად უამრავი მიგრანტი ჩადის არალეგალურად. მაგნუს ბრუნერმა, რომელიც მიგრაციისა და შინაგან საქმეთა კომისრის თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა, ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეს არის თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და გადანაწილების მართვის წესების ერთობლიობა. პაქტი ევროპარლამენტმა გასულ წელს მიიღო.

მაგნუს ბრუნერის თქმით,  დაბრუნების თემა არის ის, რაც აუცილებლად უნდა შეასრულონ. მას იმედი აქვს, რომ ამას შეძლებენ. კომისარი ოპტიმისტურადაა განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ ახლახან დაიწყო მუშაობა.

საბერძნეთი, რომელიც მიგრანტებისთვის ევროკავშირში შესასვლელად ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, მოითხოვს უფრო მკაცრ საიმიგრაციო კონტროლს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთი არის ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაშია მიგრაციული კრიზისის წინა ხაზზე. ბერძნული მხარე კმაყოფილია პროგრესით, რომელიც მიღწეულია ევროპულ დონეზე მათი საერთო ევროპული მიგრაციის პოლიტიკის დაბალანსების თვალსაზრისით და ემსახურება მათი საზღვრების დაცვასა და მიგრანტების უკან გაბრუნებას.

ბრუნერის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ  საბერძნეთმა უკანონოდ დაატოვებინა ტერიტორია თურქეთის მოქალაქეს. სასამართლო სისტემურ დანაშაულზე მიანიშნებდა. საბერძნეთი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ის მიგრაციის მკაცრ, თუმცა სამართლიან პოლიტიკას ატარებს.

2024 წელს საბერძნეთში  60 000 მიგრანტი ჩავიდა არალეგალურად. ბოლო 18 თვის განმავლობაში თითქმის 50%-ით გაიზარდა იმ მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში  ზღვის გავლით ჩავიდნენ. თუმცა ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსში“ აცხადებენ, რომ ბლოკში არალეგალური სასაზღვრო გადასასვლელებით შემოსული ადამიანების რიცხვი 2024 წელს სამწლიან მინიმუმამდე დაეცა.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია