PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, თუ არსებული პოლიტიკური ვითარება შენარჩუნდება, ეკონომიკა გამოწვევებს რამდენიმე მიმართულებით უნდა ელოდოს და მათ შორის მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება. მან საქართველოს ეკონომიკაში მოსალოდნელ რისკებზე BMG-სთან ისაუბრა.

"[პირველი გამოწვევაა] გაცვლითი კურსი, მისი არასტაბილურობა, მცოცავი გაუფასურება, რომელსაც შემდგომ ექნება ჯაჭვური რეაქციის გამომწვევი ეფექტი სრულად ეკონომიკაზე. გამოწვევა შეიძლება იყოს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, დაკრედიტების მასშტაბის შემცირება ეკონომიკაში და დაკრედიტების გაძვირება ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის.

ასევე, ვფიქრობ, რომ უმუშევრობის მაჩვენებლები შეიცვლება უარესობისკენ. ჩვენ დასაქმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვქონდა 2024-ის ბოლოს, სავარაუდოდ ვერ მოხერხდება ამ მაჩვენებლის შენარჩუნდება და, ასევე ვერ მოხერხდება რეალური ხელფასების მაჩვენებლების ზრდა, რომელიც საკმაოდ მაღალი, 20%-იანი იყო 2023-ში, 10%-იანი კი 2024-ში. საბოლოო ჯამში, ეს აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირებაზე, ჩემი პროგნოზით ეს იქნება დაახლოებით 4-5%. იქიდან გამომდინარე, რომ სცენარები სხვადასხვანაირია, შესაძლოა, იყოს უფრო დაბალიც კი. ჩემი აზრით, საბაზისო სცენარი უნდა იყოს 4%-იანი ეკონომიკური ზრდა", - განმარტავს ეკონომისტი.

როგორც PMC-ის დირექტორი აღნიშნავს, მიმდინარე წელს კერძო სექტორისთვის ორი გამოწვევა იქნება აქტუალური, საიდანაც ერთ-ერთი მოთხოვნის შემცირებაა.

"მთავარი გამოწვევა იქნება მოთხოვნის შემცირება. საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს მაღალ მოთხოვნას და მაღალ მოხმარებას. შესაბამისად, როცა ბიზნესი ხედავს ბზარზე მაღალ მოთხოვნას, ყველაფერი დანარჩენი არის კარგი მენეჯმენტის საქმე. როდესაც მოთხოვნა მცირდება და თან მცირდება მყისიერად, ეს ურტყამს მის გაყიდვებს, შემოსავლიანობას, მის დასაქმებას, დასაქმებულების შენარჩუნებას და, საბოლოო ჯამში, ეს ურტყამს მის მომგებიანობას.

და მეორე [გამოწვევა] ეს არის საკრედიტო რესურსის გაძვირება. ჩვენ ვიცით, რომ დიდწილად, მცირე და საშუალო ბიზნესს ამ რესურსის მოძიება მოუწევს ლარში, რეგულაციების მიხედვით, ხოლო ლარში რესურსის ფასი, მაღალი ინფლაციის და კურსის ცვალებადობის პირობებში, იქნება გაზრდილი და, შესაბამისად, ეს იქნება ორმაგი შოკი ბიზნესებისთვის", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ის BMG-სთან აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური ნებაა, რომ freebusiness.ge-ის პლატფორმის მოთხოვნები შესრულდეს.

"ვფიქრობ, პოლიტიკური კრიზისი იმ მასშტაბზე ავიდა, პოლიტიკური გადაწყვეტა სჭირდება. პატარა ზომის ეკონომიკური ინექციები ვერ უშველის დიდ სურათს. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სწორი მოთხოვნაა ბიზნესსაზოგადოებისგან ახალი არჩევნები, როგორც გადამტვირთავი მექანიზმი და გზა პრობლემის მოგვარების. ვფიქრობ, არჩევნები არის უალტერნატივო გამოსავალი", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

წყარო: bm.ge