ლიეტუვას ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახური (FNTT) იძიებს მსხვილმასშტაბიანი თაღლითობის საქმეს, რომლის დროსაც ორგანიზებულმა ჯგუფმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხებიდან 6 მილიონი ევრო მიითვისა.
ევროკავშირიდან დელეგირებულმა პროკურორმა, ვიტაუტას კუკაიტისმა ხუთშაბათს, 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვიდან და, სულ მცირე, 10 სხვა ქვეყნიდან თაღლითურ სქემაში 30-ზე მეტი კომპანია იყო ჩართული, ბრალი კი 26 პირს უკვე წარედგინა.
ეჭვმიტანილთა უმეტესობა კაუნასის რეგიონიდან არის, მაგრამ ისინი სხვა ადგილებშიც, კერძოდ კი, ვილნიუსში, პანევეჟისსა და შიაულიაშიც საქმიანობდნენ.
პროკურორის თქმით, კრიმინალები 2018 წლიდან მოქმედებენ და წლების განმავლობაში ხვეწდნენ თაღლითურ სქემას.
„ორგანიზებულმა ჯგუფმა დაინტერესებულ მხარეებს შორის ტრანზაქციების იმიტირებით […] ინოვაციური პროექტების ფარგლებში მილიონობით ევროს ღირებულების აპარატურა შეიძინა და ამისთვის გაბერილი ფასების ტიპოლოგია გამოიყენა“, – აღნიშნა კუკაიტისმა.
უფრო მეტიც – ზოგიერთი სახის აპარატურა შეძენილი არ იყო დოკუმენტებში მითითებულ ქვეყნებში, ხოლო მეორადი ტექნიკა საბუთებში ფორმდებოდა, როგორც ახალი.
კუკაიტისის თქმით, 2018-2024 წლებში ეჭვმიტანილებმა შეცდომაში შეიყვანეს ინოვაციების სააგენტო და თითქმის 6 მილიონი ევრო მიითვისეს. სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ მსგავსი გზით თანხის უკანონო მითვისების კიდევ ერთი მცდელობის აღკვეთა მოხერხდა.
ლიეტუვის ფინანსური დანაშაულის გამოძიების სამსახურის კაუნასის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი, როლანდას ურბონასი ამბობს, რომ დეკემბრის შემდეგ 90-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა და 26-ვე ეჭვმიტანილი დაკავებულია.
„წინასწარი გამოძიება განსაკუთრებით მასშტაბურია: გაანალიზებულია ფიზიკური პირებისა და კომპანიების 200-ზე მეტი საბანკო ანგარიში და ამონაწერი“, – განაცხადა მან.
პროკურორმა კუკაიტისმა ასევე აღნიშნა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი ცნობილია და დანაშაულებრივი ჯგუფი მხოლოდ ევროკავშირში არ მოქმედებდა.
„ჩვენ გამოვავლინეთ, მინიმუმ, ათი ქვეყანა, რომლებიც ჩვენი გამოძიების ინტერესების ფარგლებში მოხვდნენ. ამ საქმის კიდევ ერთი ასპექტი ის არის, რომ დანაშაული ევროკავშირის ფარგლებს გასცდა და მასში აზიის რამდენიმე ქვეყანაა ჩართული“, – დასძინა ვიტაუტას კუკაიტისმა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი