შავ ზღვაში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთის დაღვრა მხოლოდ რუსეთზე არ იმოქმედებს და იანვრის ბოლოს დაბინძურებამ შესაძლოა, ოდესამდე მიაღწიოს, ასევე, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებს, ხოლო ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთს მიუახლოვდეს - გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა ვიქტორ დანილოვ-დანილიანმა.

„ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოზე (აფხაზეთზე) და თურქეთზე. თურქეთამდე ის აღმოსავლეთიდან მიაღწევს. დასავლეთ სანაპიროზე კი მიწვდება რუმინეთსა და ბულგარეთს, ასევე მაზუთის კვალი, რა თქმა უნდა, გამოჩნდება  ოდესა და მისი შემოგარენშიც”, - ამბობს მეცნიერი, რომელიც ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (1991-1996) და გარემოს დაცვის სახელმწიფო კომიტეტს (1996-2000).

რამდენად ზუსტად გავრცელდება მაზუთი, პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

„ზღვის დინებები არ არის მდინარე. ეს არის სრულიად განსხვავებული სისტემა, სადაც ჩვეულებრივ არის რაღაც მეინსტრიმის მსგავსი და მისგან "ენები'(ანუ ლაქები), გვერდებზე მიდის“, - განმარტა მეცნიერმა.

მისი თქმით, დაბინძურება დაფიქსირდა ყირიმში (ქერჩი, ფეოდოსიის მახლობლად, კოკტებელთან, სუდაკში, იალტაში, ბალაკლავაში, სევასტოპოლში), რაც სწორედ „საწვავის ენების“ გამო მოხდა. „მაგრამ ყირიმის სანაპიროს ბევრ უბანს ჯერ მასშტაბური დაბინძურება არ უგრძვნია. თუმცა არ არის გარანტია, რომ მაზუთის ლაქები აქაც არ გამოჩნდება. 

მაზუთი სხვა ქვეყნების სანაპიროებზე რომ გავრცელდეს, მეცნიერი აღნიშნავს, მისი კონცენტრაცია უფრო დაბალი იქნება.

მეცნიერი არ მოელის მაზუთის მასშტაბურ დაღვრას აზოვის ზღვაში.

"ბევრი, ალბათ, აზოვის ზღვაში არ კონცენტრირდება. გარდა ამისა, პატარაა, იქ ყველაფერი ჩანს“, - თქვა დანილოვ-დანილიანმა.

მისი თქმით, „ეს უპრეცედენტო მოვლენა, ანუ პირველი შემთხვევაა, როცა შავ ზღვაში ასეთი დიდი რაოდენობით მაზუთი ჩაიღვარა, რაც 21-ე საუკუნის დასაწყისის შემდეგ რუსეთში ყველაზე სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფაა.”

“ის, რაც შავ ზღვაში მოხდა, ეკოსისტემაზე საშინელი დარტყმაა. ათიათასობით ფრინველი და მრავალი დელფინი დაიღუპა, სანაპირო ფლორისა და ფაუნის დიდი დანაკარგია. ასეთ გარემოში თუნდაც მარილიან წყალში, პრაქტიკულად, ვერაფერი ცოცხლობს,” - ამბობს დანილოვ-დანილიანი.

ასევე, რუსი მეცნიერის ცნობით, მინიმუმ, 200-500 ათასი ტონა დაბინძურებული ნიადაგის ამოღებას უკვალოდ არ ჩაუვლია. კერძოდ, უკვე დარეგისტრირებულია ადგილები, სადაც მაზუთიანი ნიადაგის ამოღების გამო ზღვამ ხმელეთზე 30-50 მეტრზე შეაღწია.

დანილოვ-დანილიანს შავი ზღვის მაზუთისგან მთლიანად გაწმენდის ვადებზე პროგნოზის გაკეთება უჭირს, რადგან „200 მ-ზე მეტი სიღრმის ფსკერზე დალექვის შემდეგ მაზუთი შესაძლოა, იქ მეტად დიდი ხნის განმავლობაში “დაწვეს.” მხოლოდ იმის გაკეთება არის შესაძლებელი, რომ აღმავალი ნაკადის შედეგად მაზუთს ამოტივტივებისას შესაბამისი სამსახურები მობილიზებული იყვენენ, რისთვისაც საკურორტო სანაპიროების მუდმივი მონიტორინგი იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, ქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის ფსკერზე, დაახლოებით, 5,000 ტონა მაზუთი რჩება, რომელიც ჟელესმაგვარი მასაა და არ მოძრაობს. ამასთან, 10 იანვარს მეჩეჩზე შემჯდარი ტანკერის, Volgoneft-239-ის უკანა ნაწილის შემოწმებისას ახალი გაჟონვა აღმოაჩინეს, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 2,8 ათასი მ²-ია. ეკოლოგების შეფასებით, M100-მარკის მაზუთი, რომელიც ტანკერებიდან ჟონავს, ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ფსკერზე ილექება. ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც წყალი 25 გრადუსამდე თბება. ამ ნიშნულამდე შავი ზღვა ზაფხულში 20 მეტრამდე სიღრმეზე თბება. დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრ “დელფას” ცნობით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა და ნაპირზე გამორიყა.

კრემლი შავ ზღვაში მაზუთის დაღვრის გამო ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. პუტინი თავიდან მხოლოდ „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დამატებითი ჯგუფის“ გაგზავნით შემოიფარგლა. ამასთან, კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის ფედერალური შტაბი გემების ჩაძირვიდან, თითქმის, ერთ თვეში, მხოლოდ 12 იანვარს ჩამოყალიბდა.

არსებობს რისკი, რომ რუსული მაზუთი უკრაინას გვერდს არ აუვლის, განაცხადა 9 იანვარს უკრაინის საზღვაო ძალების პრესმდივანმა დიმიტრი პლეტენჩუკმა.

სხვათა შორის, შავი ზღვის ექვსმა ქვეყანამ (ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, უკრაინა) ხელი მოაწერა ბუქარესტის კონვენციას შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის შესახებ 1992 წელს. დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაეტარებინათ ყველა საჭირო ზომა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას შავი ზღვის საზღვაო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს ტანკერები Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა ქერჩის სრუტეში შტორმის გამო. მათ სულ 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვაში დაიღვარა. საწვავი დაიღვარა სანაპიროზე როგორც ყირიმში, ასევე კრასნოდარის მხარეში.