მთელი რიგი ეკონომიკებისათვის ფულადი გზავნილები არა მხოლოდ დახმარებას წარმოადგენს, არამედ ეროვნული შემოსავლების მთავარი საყრდენია. ემიგრანტების ფულადი დახმარება მსოფლიოს საზოგადოებების დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბუნებრივია, ფულადი გზავნილების როგორც წილი ეკონომიკაში, ისე მოცულობა განსაკუთრებით მაღალია ღარიბ სახელმწიფოებში.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სახელმწიფოებს, რომელთა ეკონომიკაც ფულად გზავნილებზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული. რეიტინგი დაფუძნებულია მსოფლიო ბანკის მონაცემებზე და ასახავს 2024 წლის მონაცემებით, 194 სახელმწიფოში ფულადი გზავნილების წილს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში. მსოფლიო ბანკის მონაცემებში არ შედის სინგაპურისა და ირანის შესახებ ინფორმაცია. სინგაპურის შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ აქ ფულადი გზავნილების წილი 0%-ს უტოლდება, ირანი კი მსოფლიო ბანკს ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას 2004 წლის შემდეგ აღარ უზიარებს, როდესაც მშპ-ში მათი წილი 0.55%-ს შეადგენდა.

საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებლის გლობალური საშუალო მხოლოდ 0.82%-ს წარმოადგენს, მაშინ როდესაც მიგრაციაზე დამოკიდებული ღარიბი სახელმწიფოებისათვის ხშირად ეს მაჩვენებელი 10%-ს ბევრად აღემატება.

ფულად გზავნილებზე ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულების რეიტინგში  ტაჯიკეთი ლიდერობს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ტაჯიკეთის მშპ-ის 47.9%-ს სწორედ ფულადი გზავნილები შეადგენდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მცხოვრებთა ნახევრისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ ემიგრანტებისაგან მიღებული ფულადი გზავნილები იყო.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო, წარსულში ძლიერი ეკონომიკის მქონე ლიბანია. ლიბანი, რომელსაც მუდმივი შეიარაღებული კონფლიქტების, კორუფციის მაღალი დონისა და არაეფექტიანი მმართველობის გამო სხვაგვარად „არშემდგარ სახელმწიფოსაც“ უწოდებენ, მოსახლეობასთან მიმართებით მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი დიასპორა ჰყავს. ფულადი გზავნილების წილი ლიბანის ეკონომიკაში 2024 წელს 33.35%-ით განისაზღვრა.

რეიტინგში მესამე პოზიციას სამხრეთამერიკული ნიკარაგუა იკავებს, სადაც ქვეყნის ეკონომიკის მეოთხედზე მეტი (26.64%) სწორედ ფულადი გზავნილებისგან შედგება. მსგავსი მდგომარეობაა ნეპალში (26.23%), ჰონდურასში (25.70%), ბერმუდაში (25.41%), სამოასა (24.01%) და ელ-სალვადორში (24.00%). ათეულში შედიან გამბია (22.00%) და ლიბერიაც (21.28%).

საინტერესოა, რა მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მიღებული ფულადი გზავნილების წილი მშპ-სთან მიმართებით 11.87%-ს შეადგენდა, რაც ჩვენს ქვეყანას ამ რეიტინგში 21-ე პოზიციაზე ახვედრებს. შედარებისათვის იგივე მაჩვენებელი სომხეთში 4.92%-ს, აზერბაიჯანში კი 1.82%-ს შეადგენს.

წყარო: forbes.ge