გამოძიების ფარგლებში, The New York Times-მა ბრიტანელი კრიპტოგრაფი და კრიპტო მეწარმე ადამ ბეკი ბიტკოინის სავარაუდო შემქმნელად დაასახელა.

გაზეთის ცნობით, შესაძლოა, სწორედ ის იდგეს ფსევდონიმით „სატოში ნაკამოტოს“ უკან, რომელიც ბოლო 17 წლის განმავლობაში კრიპტო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლოა. ბეკი კრიპტო საზოგადოებისთვის უცხო არ არის. ის იყო ანარქისტული კრიპტოგრაფიული საზოგადოების Cypherpunks ადრეული წევრი, რომელმაც 1990-იან წლებში ციფრული ფულის იდეა გააჩინა. 2002 წელს მან შექმნა Hashcash სისტემა სპამის წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ეს სისტემა ახსენა სატოშიმ 2008 წლის ბიტკოინის დოკუმენტში, როგორც მომავალი სისტემის ფუნდამენტური ელემენტი.

ბეკზე რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს: ნაკამოტოს სავარაუდო ბრიტანული წარმომავლობა, კრიპტოგრაფიულ საფოსტო სიებში მონაწილეობა, საჭირო ტექნიკური ექსპერტიზა, ასევე ლექსიკის, გრამატიკისა და ელექტრონული ფულის შესახებ შეხედულებების მსგავსება.

NYT-ის ცნობით, 1990-იანი წლების ბოლოს ბეკმა მომავლის ბიტკოინის თითქმის ყველა ძირითადი ელემენტი აღწერა: დეცენტრალიზებული ქსელი, შეზღუდული მიწოდება, საჯარო და დამოწმებადი პროტოკოლი, ორმაგი ხარჯვისგან დაცვა და ახალი მონეტების გამოშვება, გაზრდილ გამოთვლით ხარჯებთან ერთად.

გაზეთი ასევე აღნიშნავს დროს: სატოშის საქმიანობის პერიოდში ბეკმა ბიტკოინის მიმართ თითქმის არანაირი საზოგადოებრივი ინტერესი არ გამოავლინა, მაგრამ გაუჩინარების შემდეგ სწრაფად ჩაერთო კრიპტოპროექტებში.

როგორც გამოცემა წერს, თუ ბეკის თეორია დადასტურდება, კრიპტოვალუტის ბაზრისთვის შედეგები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. სატოში ფლობს 1.1 მილიონ ბიტკოინს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია, მათი გაყიდვის შესახებ ვარაუდიც კი ფასების მკვეთრ რყევებს გამოიწვევს. კონკრეტული დამფუძნებლის გამოჩენა შეარყევს ბიტკოინის, როგორც ლიდერის გარეშე, დეცენტრალიზებული სისტემის, წარმოდგენას.