ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული პირობები, რა შემთხვევაში შეძლებენ ეკონომიკის განვითარების კორპორაციისგან დაფინანსების მიღებას. როგორც „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ და „გრინ ენერჯი ჰოლდინგის“ მმართველი დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, ენერგეტიკის სექტორისთვის ფინანსებზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საკრედიტო რესურსის ღირებულება გამოწვევაა.
„რეალურად, საბანკო რესურსების არსებული პროცენტები შეიძლება შემაფერხებელი გარემოება იყოს ბიზნესისთვის, იქიდან გამომდინარე რომ ფულის ღირებულება მაღალია. როგორც მოგეხსენებათ, ენერგეტიკა არ არის დაკავშირებული მოკლევადიან ინვესტიციებთან, შესაბამისად, ცალსახად ნებისმიერი დაბალი პროცენტის არსებობა ამ დარგის განვითარებისთვის კარგი იქნებოდა,“-აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ.
მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორით დაფინანსებით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ინტერესდებიან.
„ამ კუთხით გამოვყოფდი ADB-სა და EBRD-ს. მათი მხრიდან ინტერესი არის, თუმცა ჩვენს კონკრეტულ შემთვევაში მათ ფინანსებზე წვდომა არ გვაქვს. ვმუშაობთ ამ პროცესზე. მათგან ფინანსების მოზიდვის პროცედურა უფრო რთულია, ვიდრე ადგილობრივ საბანკო რესურსზე წვდომა, მაგრამ მიღწევადია.“-აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბაზაზე "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" ჩამოყალიბდება. ახალი ინსტიტუცია საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციებსაც შეითავსებს. ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში მთავარი აქცენტები კონკრეტულ დარგებზე გაკეთდება. პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი მიმართულება ენერგეტიკა იქნება.